ენტონი ბლინკენი აცხადებს, რომ მხარს უჭერს ნატოში ახალი წევრების მიღების ტრადიციულ პროცესს
აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა უარყო უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის მოთხოვნა უკრაინის ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში დაჩქარებული წესით გაწევრიანების შესახებ. ინფორმაციას ამის შესახებ ამერიკული გაზეთი The Wall Street Journal-ი ავრცელებს.
ბლინკენმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ აშშ-სა და მის მოკავშირეებს აქვთ გეგმა, მომავალშიც დაეხმარონ უკრაინას თავდაცვაში, მაგრამ ნატო-ში გაწევრიანების საკითხთან დაკავშირებით, მან ალიანსში წევრების მიღების ტრადიციულ პროცესს დაუჭირა მხარი. ეს ასევე ეხება ფინეთსა და შვედეთს, რომლებიც, ალიანსთან ხანგრძლივი პერიოდის მანძილზე მუშაობის შემდეგ, სავარაუდოდ მალე შეუერთდებიან ნატო-ს.
ამასთან, ამერიკელმა დიპლომატმა უარი თქვა კონკრეტული იარაღის სისტემების განხილვაზე, რომლებიც უკრაინას სჭირდება.
რუსეთის წინააღმდეგ აშშ-ის მხრიდან დაწესებული დამატებითი სანქციების გარდა, ბლინკენმა პირობა დადო, რომ გააგრძელებს „ნებისმიერი ფიზიკური პირის, ორგანიზაციის ან ქვეყნის დასჯას, რომელიც პოლიტიკურად ან ეკონომიკურად მხარს დაუჭერს პრეზიდენტ პუტინის უკანონო მცდელობას შეცვალოს უკრაინის ტერიტორიის სტატუსი".