ეუთოს თავმჯდომარე - სომხეთისა და აზერბაიჯანის საზღვარზე საომარი მოქმედებების ესკალაცია დაუყოვნებლივ უნდა შეწყდეს
13 სექტემბერი, 2022

ეუთოს თავმჯდომარე და პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, ზბიგნიევ რაუ აცხადებს, რომ სომხეთისა და აზერბაიჯანის საზღვარზე საბრძოლო მოქმედებების ესკალაცია დაუყოვნებლივ უნდა შეწყდეს.
„სომხეთისა და აზერბაიჯანის საზღვარზე საომარი მოქმედებების ესკალაცია დაუყოვნებლივ უნდა შეწყდეს. აქამდე მიღწეული დიპლომატიური პროგრესი არ უნდა დაიკარგოს. ბოლო თვრამეტი თვის განმავლობაში მიღწეულია პროგრესი, მათ შორის შეთანხმება სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის სამშვიდობო ხელშეკრულების გასაფორმებლად მუშაობის გაგრძელებაზე. ეს შეტაკებები საფრთხეს უქმნის ამ პროგრესს და უამრავ სიცოცხლეს საფრთხის ქვეშ აყენებს“, - აღნიშნა ზბიგნიევ რაუმ.
სომხეთი და აზერბაიჯანი ერთმანეთს საომარი მოქმედებების ესკალაციაში ადანაშაულებენ. სომხეთის თავდაცვის სამინისტროში განაცხადეს, რომ აზერბაიჯანის შეიარაღებულმა ძალებმა არტილერიით სომხური პოზიციების ინტენსიური დაბომბვა დაიწყო.
თავის მხრივ, აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროში განაცხადეს, რომ სომხეთის შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფებმა აზერბაიჯან-სომხეთის სახელმწიფო საზღვრის დაშქესანის, ქალბაჯარისა და ლაჩინის მიმართულებით ფართომასშტაბური პროვოკაცია მოაწყვეს. აზერბაიჯანის თავდაცვის უწყებაში აცხადებენ, რომ სომხეთის მხრიდან პროვოკაციის შედეგად, აზერბაიჯანის არმიის პირად შემადგენლობაში დანაკარგებია.