ევროკავშირის წევრი ქვეყნების ელჩები უკრაინისთვის უსაფრთხოების გარანტიებზე შეთანხმდნენ, რომლებიც გამორიცხავს რუსეთის წინააღმდეგ სამხედრო მოქმედებებში ევროკავშირის წევრი ქვეყნების მონაწილეობას
ევროკავშირის წევრი ქვეყნების ელჩებმა უკრაინისთვის უსაფრთხოების გარანტიები შეათანხმეს. როგორც გერმანული გამოცემა Welt am Sonntag-ი წერს, 11-გვერდიანი დოკუმენტი გამორიცხავს ევროკავშირის წევრი ქვეყნების მონაწილეობას რუსეთის წინააღმდეგ სამხედრო მოქმედებებში.
დოკუმენტში ასევე აღნიშნულია, რომ აგრესიის შემთხვევაში ევროკავშირმა ერთი დღის განმავლობაში უნდა გამართოს კონსულტაციები კიევთან, რათა გაიგოს უკრაინის საჭიროებები, რომელიც გაეროს წესდების 51-ე მუხლის თანახმად თავდაცვის უფლების რეალიზებას ახორციელებს.
ამასთანავე, ევროკავშირის წევრი ქვეყნები იღებენ ვალდებულებას, უზრუნველყონ უკრაინის გრძელვადიანი უსაფრთხოება სამხედრო, სამოქალაქო, ჰუმანიტარული, ფინანსური, სავაჭრო და ეკონომიკური დახმარების გზით. კერძოდ, ეს ეხება უკრაინელი ლტოლვილების მიღებას და უკრაინის ომისშემდგომ აღდგენას.
სავარაუდოდ, შეთანხმებას ხელი ივლისის დასაწყისში მოეწერება და უსაფრთხოების გარანტიები იმოქმედებს იქამდე, ვიდრე უკრაინა ევროკავშირსა და ნატოში არ გაწევრიანდება.