ევროკავშირმა მიხაილ ფრიდმანსა და პიოტრ ავენს სანქციები მოუხსნა
ევროკავშირის მართლმსაჯულების სასამართლომ რუსი მილიარდერების, მიხაილ ფრიდმანისა და პიოტრ ავენისთვის ევროკავშირის სანქციების მოხსნის გადაწყვეტილება მიიღო. ფრიდმანი და ავენი რუსული „ალფა ბანკის“ დამფუძნებლები და აქციონერები არიან.
„სასამართლომ მიიჩნია, რომ საწყის აქტებში მოყვანილი არცერთი მიზეზი არ არის საკმარისად დასაბუთებული. შესაბამისად, მიხაილ ფრიდმანსა და პიოტრ ავენის შეყვანა სიებში, რომლებიც დავის საგანს წარმოადგენს გამართლებული არ იყო“, – ნათქვამია ლუქსემბურგში მდებარე სასამართლოს განცხადებაში.
ევროკავშირმა და დიდმა ბრიტანეთმა მათ სანქციები 2022 წლის თებერვლის ბოლოს დაუწესეს. 2023 წლის აგვისტოში ისინი სასანქციო სიაში აშშ-მაც შეიყვანა. 2022 წლის მაისში ავენმა და ფრიდმანმა ევროკავშირის საბჭოს გადაწყვეტილება მართლმსაჯულების სასამართლოში გაასაჩივრეს.
ევროკავშირის მართლმსაჯულების სასამართლოს გადაწყვეტილების გასაჩივრება ორი თვისა და ათი დღის ვადაშია შესაძლებელი.