ევროკომისიამ რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მერვე პაკეტი წარადგინა
28 სექტემბერი, 2022

ევროპულმა კომისიამ რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მერვე პაკეტი წარადგინა, რომელიც უკრაინაში შეჭრას და ოკუპირებულ ტერიტორიებზე უკანონო რეფერენდუმების ჩატარებას უკავშირდება.
პაკეტი ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა გამოაცხადა.
„გასულ კვირას რუსეთი უკრაინაში ომის ახალ ესკალაციაზე წავიდა. რუსეთის მიერ ოკუპირებულ ტერიტორიებზე ფსევდო-რეფერენდუმები მიწის წართმევისა და საზღვრის ძალით შეცვლის უკანონო მცდელობაა. მობილიზაცია და ბირთვული იარაღით მუქარა - პუტინის ესკალაციის შემდგომი ნაბიჯია. ჩვენ არ ვაღიარებთ ფსევდო-რეფერენდუმებს და ვაპირებთ გავაკეთოთ ისე, რომ კრემლმა ამისთვის გადაიხადოს“, - განაცხადა ურსულა ფონ დერ ლაიენმა.
მისი შეთავაზებაა, დადგინდეს ახალი აკრძალვა რუსეთის პროდუქციის იმპორტზე, რითიც რუსეთს შემოსავლების სახით 7.5 მილიარდი ევრო დააკლდება.
ასევე, მისი შეთავაზებაა, გაფართოვდეს იმ პროდუქციის სია, რომლის რუსეთში ექსპორტირება აღარ მოხდება. ეს შეეხება დამატებით მასალებს ავიაციისთვის და ელექტრონულ კომპონენტებს, ასევე სპეციფიკურ ქიმიურ ნაერთებს.
„ასევე, გთავაზობთ, აიკრძალოს რუსეთისთვის დამატებითი მომსახურებები, ევროკავშირის მოქალაქეებს აეკრძალოთ ხელმძღვანელ თანამდებობაზე ყოფნა რუსულ კომპანიებში“, - განაცხადა ფონ დერ ლაიენმა.
ბრიუსელს სანქციების ახალი კატეგორია ასევე იმ პირებისთვის შემოაქვს, რომლებიც რუსეთს დაწესებული შეზღუდვების გვერდის ავლაში ეხმარებიან.
„მაგალითად, ადამიანები, რომლებიც საქონელს ევროკავშირში ყიდულობენ, მესამე ქვეყანაში მიაქვთ, შემდეგ კი, იქიდან - რუსეთში. ისინი, შესაძლოა, თავად გახდნენ სანქციების ობიექტები“, - განაცხადა ფონ დერ ლაიენმა.
გარდა ამისა, ევროკავშირი სანქციების სიებს გააფართოებს და რუსეთის თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენლებისა და კრემლს დაქვემდებარებული ოკუპირებული ხელისუფლებების წარმომადგენლებისთვის უკრაინის ოთხ ოლქში, სადაც რუსეთმა ფსევდო-რეფერენდუმები ჩაატარა, პერსონალურ სანქციებს შემოიღებს.