FIFA-მ რეიტინგი განაახლა - საქართველოს ნაკრები დაწინაურდა

სანაკრებო მატჩების შემდეგ FIFA-მ მსოფლიო რეიტინგი განაახლა, საქართველოს საფეხბურთო ნაკრები კი ოთხი პოზიციით დაწინაურდა და 78-ე ადგილზე გადაინაცვლა.
საქართველოს ნაკრებმა გასული სანაკრებო ფანჯრის პერიოდში ჩრდილოეთ მაკედონია "დინამო არენაზე" ანგარიშით 2:0 დაამარცხა, შემდეგ კი გიბრალტარს ესტუმრა და მინიმალური სხვაობით იმარჯვა (2:1). აღსანიშნავია, რომ აღნიშნული შედეგით ვილი სანიოლის გუნდს რეიტინგში 10.88 ქულა დაემატა.
საქართველოს ნაკრები ახლა 77 პოზიციაზე მყოფ უზბეკეთს 2 ქულით ჩამორჩება, რომელიც შესაძლოა ნოემბერში, ამხანაგური შეხვედრების წარმატებით დასრულების შემთხვევაში გაქვითოს.
...76. ისრაელი - 1316.55 ქულა
77. უზბეკეთი - 1309.98
78. საქართველო - 1307.34
79. ჩინეთი - 1305.06
80. ჰონდურასი - 1301.98...
საინტერესოა, რომ საქართველოს ნაკრებს უკვე ერთი წელია თამაშია არ წაუგია და გასული წლის ოქტომბრიდან მოყოლებული დღემდე 11 შეხვედრიდან 9 მოიგო, 2-ჯერ კი ფრე დაასრულა. აღნიშნული შედეგით, ნაკრებს ისტორიაში საუკეთესო დაუმარცხებელი მატჩების სერია აქვს. ვილი სანიოლის გუნდმა ერთა ლიგის C დივიზიონი საუკეთესო შედეგით დაასრულა, რისი წყალობითაც, ევრო 2024-ის პლეი ოფში გავიდა და 2024/25 წლების სეზონში ერთა ლიგის B დივიზიონში თამაშის უფლებაც მოიპოვა.
უნდა აღინიშნოს, რომ რეიტინგის პირველ ათეულში ერთადერთი ცვლილება განხორციელდა - იტალიისა და ესპანეთის ნაკრებებმა ადგილები გაცვალეს. ლიდერი ისევ ბრაზილიის ნაკრებია, მეორე ადგილზე ბელგიაა, ხოლო მესამე პოზიციას არგენტინის ნაკრები იკავებს.
1. ბრაზილია - 1841.3
2. ბელგია - 1816.71
3. არგენტინა - 1773.88
4. საფრანგეთი - 1759.78
5. ინგლისი - 1728.47
6. იტალია - 1726.14
7. ესპანეთი - 1715.22
8. ნიდერლანდები - 1694.51
9. პორტუგალია - 1676.56
10. დანია - 1666.57
FIFA მიმდინარე წლის საბოლოო რეიტინგს 22 დეკემბერს, მსოფლიოს ჩემპიონატის დასრულების შემდეგ გამოაქვეყნებს.