გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის ოფისი იზიუმში ჯგუფის გაგზავნას გეგმავს, რათა შეამოწმონ მასობრივი საფლავი, სადაც დეოკუპაციის შემდეგ, 400-ზე მეტი ცხედარი აღმოაჩინეს
16 სექტემბერი, 2022

გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის ოფისმა დღეს განაცხადა, რომ მას იზიუმში ჯგუფის გაგზავნა სურს, რათა შეამოწმონ მასობრივი საფლავი, სადაც რუსეთისგან ქალაქის დეოკუპაციის შემდეგ, 400-ზე მეტი ცხედარი აღმოაჩინეს.
„უკრაინაში ჩვენი კოლეგები იკვლევენ ამ ბრალდებებს და ისინი იზიუმში მონიტორინგის ვიზიტის ორგანიზებას მიისწრაფვიან, რათა დადგინდეს ამ პირების გარდაცვალების გარემოებები“, - აღნიშნა პრესსპიკერმა, ელისაბედ თროსელმა.
მანვე აღნიშნულ ცნობებს "შოკისმომგვრელი" უწოდა და დასძინა, რომ გაეროს ჯგუფი გამოიკვლევს, დაღუპულები იყვნენ მშვიდობიანი მოქალაქეები თუ სამხედრო პირები და ასევე გამოარკვევენ გარდაცვალების მიზეზებს.
“მნიშვნელოვანია, დადგინდეს იმ ადამიანების გარდაცვალების გარემოებები, რომლებიც შესაძლოა, ამ კოლექტიურ საფლავებში იყვნენ,” - აღნიშნა გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის ოფისის პრესსპიკერმა.
ცნობისთვის, უკრაინის შინაგან საქმეთა სამინისტრო ვარაუდობს, რომ რუსი ოკუპანტებისგან უკვე გათავისუფლებულ ხარკოვის ოლქში რუსეთის ფედერაციის მოქმედებების შედეგად დაღუპული უკრაინის მოქალაქეების რაოდენობა შესაძლოა ბუჩას მნიშვნელოვნად აღემატებოდეს.
