გაეროს გენერალური მდივანი - რუსეთის მიერ უკრაინის რეგიონების ანექსია სახიფათო ესკალაცია იქნება
29 სექტემბერი, 2022
გაეროს გენერალურმა მდივანმა, ანტონიო გუტერეშმა განაცხადა, რომ რუსეთის მიერ უკრაინის რეგიონების ანექსია ვითარების სახიფათო ესკალაცია იქნება.
გაეროს გენერალურმა მდივანმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ მოსკოვის მხრიდან ანექსიისკენ გადადგმული ნაბიჯი საფრთხეს შეუქმნის რეგიონში მშვიდობის პერსპექტივას.
„ნებისმიერ გადაწყვეტილებას დონეცკის, ლუგანსკის, ხერსონისა და ზაპოროჟიეს ოლქების ანექსიის შესახებ იურიდიული ღირებულება არ ექნება და დაგმობას იმსახურებს“, - განაცხადა ანტონიო გუტერეშმა.
რუსეთის საოკუპაციო ძალებმა დონეცკში, ლუგანსკში, ზაპოროჟიესა და ხერსონის ოლქებში ანექსიის თაობაზე ე.წ. „რეფერენდუმები“ ჩაატარეს, რომელიც საერთაშორისო თანამეგობრობამ დაგმო და ფიქტიური უწოდა.
კრემლის ოფიციალურმა წარმომადგენელმა, დიმიტრი პესკოვმა განაცხადა, რომ "შეთანხმებებს რუსეთის შემადგენლობაში ახალი ტერიტორიების შესვლის შესახებ“ პრეზიდენტი პუტინი ხელს 30 სექტემბერს მოაწერს.