გაერთიანებული სამეფოს დედოფალი ელისაბედ მეორე ედინბურგიდან ლონდონში გადაასვენეს
13 სექტემბერი, 2022

გაერთიანებული სამეფოს დედოფალი ელისაბედ მეორე ედინბურგიდან ლონდონში გადაასვენეს. ამის შესახებ BBC წერს.
ნორტოლტის სამხედრო ბაზაზე, თვითმფრინავს, რომლითაც ელისაბედ მეორე გადაასვენეს, პრემიერ-მინისტრი ლიზ ტრასი და ქვეყნის თავდაცვის მინისტრი, ბენ უოლესი დახვდნენ.
ამის შემდეგ კორტეჟი ბუკინგემის სასახლისკენ გაემართა, სადაც მას მეფე ჩარლზ მესამე, პრინცები უილიამი და ჰარი და სამეფო ოჯახის სხვა წევრები დახვდნენ. სასახლესთან კორტეჟის გამოჩენას მოსახლეობა ტაშით შეხვდა.
ელისაბედ მეორის დაკრძალვის ცერემონიაზე, 19 სექტემბერს, ლონდონში 500-მდე მაღალი რანგის პოლიტიკოსს ელოდებიან. მონარქის დაკრძალვის ცერემონიას მედიაში ბოლო ათწლეულში ბრიტანეთში ყველაზე დიდი დიპლომატიური შეკრება უწოდეს. ამასთან, მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, რუსეთი, ბელარუსი და მიანმარი დედოფლის დაკრძალვის ცერემონიაზე არ მიიწვიეს, ირანის ისლამური რესპუბლიკა კი, ელჩის დონეზე იქნება წარმოდგენილი.
ელისაბედ მეორე 8 სექტემბერს, 96 წლის ასაკში გარდაიცვალა. დედოფლის გარდაცვალების გამო ბრიტანეთში 10 დღიანი გლოვა გამოცხადდა. დიდი ბრიტანეთის მეფე ჩარლზ მესამე გახდა.
დედოფალს 19 სექტემბერს დაკრძალავენ.
