"გათავისუფლდეს ნიკა გვარამია" - ბადრი ჯაფარიძე პრეზიდენტს მიმართავს
სამწუხაროდ, კიდევ ერთი ნაბიჯი გადაიდგა ჩვენი ქვეყნის ევროინტეგრაციის პროცესის შესაფერხებლად, ასე გამოეხმაურა პარტია „ლელოს“ ერთ-ერთი ლიდერი ბადრი ჯაფარიძე ნიკა გვარამიას პატიმრობაში დატოვების შესახებ თბილისის სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას.
ბადრი ჯაფარიძე საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს მიმართავს, გამოიყენოს კონსტიტუციით მინიჭებული უფლება და გაათავისუფლოს ნიკა გვარამია.
მისი თქმით, „ქართული ოცნების“ კლანჭებში მყოფი სასამართლო, დიდი ხანია, გადაიქცა პოლიტიკური ოპონენტების მიმართ ანგარიშსწორების იარაღად.
"ეს იქნება პრეზიდენტის მხრიდან, შეტანილი მნიშვნელოვანი წვლილი ევროკავშირის მიერ საქართველოსთვის განსაზღვრული 12 რეკომენდაციის შესრულების გზაზე“, – აცხადებს ბადრი ჯაფარიძე.
„მთავარი არხის“ დამფუძნებელი და გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია თბილისის სააპელაციო სასამართლომ პატიმრობაში დატოვა.
ნიკა გვარამიას სამი წლით და ექვსი თვით პატიმრობა ჰქონდა მისჯილი საწარმოო ორგანიზაციაში უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების მუხლით, რომელიც ავტომანქანის ეპიზოდს ეხება, რაც მოსამართლის გადაწყვეტილებით ძალაში დარჩა.