ღაზაში საავადმყოფოს აფეთქების შემდეგ, ახლო აღმოსავლეთის რამდენიმე ქვეყანაში საპროტესტო აქციები გაიმართა
ღაზაში საავადმყოფოს აფეთქების შემდეგ, ახლო აღმოსავლეთის რამდენიმე ქვეყანაში საპროტესტო აქციები გაიმართა. ინფორმაციას CNN ავრცელებს.
იორდანიის დედაქალაქის, ამანის დასავლეთ ნაწილში, ქუჩებში ასობით დემონსტრანტი გამოვიდა. იორდანელები ამანში ისრაელის საელჩოში შეჭრას ცდილობენ, რა დროსაც მომიტინგეებსა და სამართალდამცველებს შორის შეტაკება მოხდა. აქციის დასაშლელად იორდანიის უშიშროების ძალებმა ცრემლსადენი გაზი გამოიყენეს.
დემონსტრაციები ლიბანშიც გაიმართა, სადაც აქციის მონაწილეებმა აშშ-ის საელჩოსთან უსაფრთხოების ბარიერების გარღვევა სცადეს.
მედიის ცნობით, ერაყში მომიტინგეებმა ხიდის გადაკვეთა სცადეს, რომელიც მწვანე ზონამდე მიდის, თუმცა უსაფრთხოების ძალებმა მათ ხელი შეუშალეს. ბაღდადის მწვანე ზონაში ერაყის მთავრობის ოფისები და რამდენიმე საელჩო, მათ შორის აშშ-ის საელჩოა განთავსებული.
საპროტესტო აქციები ასევე თეირანში - საფრანგეთისა და ბრიტანეთის საელჩოებთან გაიმართა. დემონსტრაციები გაიმართა სხვა ქალაქებშიც, მათ შორის ისპაჰანსა და ყუმში.