გერმანიაში ელექტროენერგიის მაღალ ფასებს აპროტესტებენ
7 სექტემბერი, 2022

ადგილობრივი მედიის ცნობით, ლაიფციგში ფედერალური მთავრობის ენერგეტიკული და სოციალური პოლიტიკის გასაპროტესტებლად აქცია გაიმართა. დემონსტრაციაზე მომიტინგეები სხვადასხვა პოლიტიკური ბანაკებიდან შეიკრიბნენ.
მემარცხენეთა პარტიის აქციას ლოზუნგით „ცხელი შემოდგომა სოციალური სიცივის წინააღმდეგ“, დამკვირვებელთა თქმით, 2000-დან 3000-მდე ადამიანი დაესწრო. იქვე პროტესტს მემარჯვენე ორგანიზაციების დაახლოებით 1000 მხარდამჭერი შეუერთდა, მათ შორის იყვნენ Freie Sachsen-ის ("თავისუფალი საქსონია") ორგანიზაციის წევრები.
მიუხედავად იმისა, რომ ავგუსტუსპლაცზე პოლიციელთა საკმაოდ დიდი ჯგუფი მორიგეობდა და ორივე ბანაკს შორის დისტანციის შენარჩუნებას ცდილობდა, რამდენიმე ინცინდენტი მაინც მოხდა.
პროტესტის მიზეზი ენერგეტიკისა და საკვები პროდუქტების ფასების მკვეთრი ზრდა გახდა. უქმეებზე, გერმანიის სოციალ-დემოკრატიული პარტიის (SPD), და თავისუფალი დემოკრატიული პარტიის (FDP) მმართველმა კოალიციამ მოსახლეობისთვის დახმარების მესამე პაკეტის გაცემა გამოაცხადა, რაც ჯამში 65 მილიარდ ევროს შეადგენს. თუმცა აქციის მონაწილეები ამ პაკეტს არასაკმარისად და არასერიოზულად თვლიან.
მემარცხენე პარტიის თანათავმჯდომარემ, მარტინ შირდევანმა ლაიფციგში დემონსტრანტებს, მთავრობაზე ზეწოლის გაგრძელებისკენ მოუწოდა.