გია ვოლსკი: გელბახიანის განცხადებები სააკაშვილის ინტერებსაც უპირისპირდება
ადვოკატ ვალერი გელბახიანის განცხადებები არათუ რეალობასაა მოწყვეტილი, არამედ გარკვეულ შემთხვევებში თავად სააკაშვილის ინტერესებსაც უპირისპირდება, განაცხადა პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა გია ვოლსკიმ.
მისივე თქმით, სააკაშვილმა განცხადება მას შემდეგ გააკეთა, რაც იუსტიციის სამინისტრომ ბრალდებების საპასუხოდ კვალიფიციური ექსპერტიზის ჩატარების მზადყოფნა გამოთქვა.
„როგორ ჩანს, ვალერი გელბახიანმა სტრატეგია აირჩია, როცა არასერიოზულობით და სკანდალური განცხადებებით ყურადღების მიქცევას ცდილობს საკუთარ პერსონაზე, როგორც ადვოკატზე. მის მიერ გაკეთებული განცხადებები არათუ რეალობასაა მოწყვეტილი, არამედ თავად სააკაშვილის ინტერესებსაც გარკვეულ შემთხვევებში უპირისპირდება. იუსტიციის სამინისტრომ მზადყოფნა გამოთქვა, რომ ბრალდებების საპასუხოდ კვალიფიციური ექსპერტიზა ჩატარდეს. სწორედ ამის შემდეგ გააკეთა სააკაშვილმა განცხადება“, – აღნიშნა გია ვოლსკიმ.
ვალერი გელბახიანმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ მიხეილ სააკაშვილი მოწამლულია. მისივე თქმით, მოწამვლის შესახებ უცხოელების დასკვნის საფუძველზე საუბრობს და მოწამვლის თაობაზე ეჭვი თავად სააკაშვილსაც ჰქონდა.
ამასთან, საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა დღეს სოციალურ ქსელში პოსტი გაავრცელა, სადაც აღნიშნავს, რომ მას მოწამვლასთან დაკავშირებით ეჭვი არასდროს ჰქონია.