გიორგი ვაშაძე - იმედი მაქვს, სალომე ზურაბიშვილი მალე იტყვის, რომ “ქართული ოცნება“ პრორუსული ძალაა - პრეზიდენტის საუბარში ამის სიმპტომები იყო
22 ივლისი, 2022
„ქართული ოცნების“ მიმართ პრეზიდენტის განცხადებებს ბოლო ბწკარი აკლდა - იმედი მაქვს, სალომე ზურაბიშვილი მალე იტყვის, რომ “ქართული ოცნება“ პრორუსული ძალაა - პრეზიდენტის საუბარში ამის სიმპტომები იყო, - აღნიშნული შეფასება პრეზიდენტის განცხადებებთან დაკავშირებით “სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა გიორგი ვაშაძემ გააკეთა. ვაშაძის თქმით, სალომე ზურაბიშვილის მთავარი გზავნილი იყოს ის, რომ “ქართული ოცნება“ დასავლური განვითარებისა და ინტეგრაციის გზას ასცდა, არის ანტიამერიკული, ანტიევროპული და შესაბამისად, ანტიქართული პოლიტიკური ძალა. “პრეზიდენტმა ძალიან სწორად თქვა, რომ ახლა როდესაც რუსეთი ჩვენს ტერიტორიას - ბიჭვინთას იტაცებს და ხელისუფლება ამაზე არაფერს ამბობს, ხოლო ამის პარალელურად აშშ-სა და ევროკავშირის ელჩებს, ევროპარლამენტარებს, დასავლეთს არა მარტო თავს ესხმის, არამედ ომის დაწყებაში ადანაშაულებს მათ, ეს არის ანტიქართული ქმედება - ეს არის პრორუსული პოლიტიკური ძალა. აგერ თქვენ და აგერ მე - მათ შორის პრეზიდენტს მოუწევს, რომ “ქართულ ოცნებას“ თავისი დიაგნოზი დაუსვას“, - განაცხადა გიორგი ვაშაძემ.