გორის მერია სკრის სათემო ასოციაცია „ბეთლემთან" თანამშრომლობით, პროექტს დევნილი და სოციალურად დაუცველი ბავშვებისთვისაც ახორციელებს
31 აგვისტო, 2022
გორის მუნიციპალიტეტის მერია სკრის სათემო ასოციაცია „ბეთლემთან" თანამშრომლობით, გარდა მზრუნველობას მოკლებული მოხუცებულებისა, პროექტს დევნილი და სოციალურად დაუცველი ბავშვებისთვისაც ახორციელებს. ამის შესახებ ინფორმაციას გორის მერია ავრცელებს.
მათი ინფორმაციით, სოციალური პროექტის ფარგლებში სკრის თემში მცხოვრებმა 20 ბავშვმა 10 დღის განმავლობაში ზღვის კურორტზე დაისვენა. ამ ხნის განმავლობაში ისინი დაკავებულები იყვნენ შემეცნებითი და სპორტული აქტივობებით.
„პროექტი გორის მუნიციპალიტეტის მერიის სოციალური პროგრამის ფარგლებში ფინანსდება.
მიმდინარე წელს გორის მუნიციპალიტეტის მერია პროგრამის ფარგლებში ჯამში 14 პროექტს აფინანსებს.
პროექტები ითვალისწინებს სხვადასხვა კატეგორიის ბენეფიციარებისთვის შინმოვლის სერვისით, სამედიცინო-სარეაბილიტაციო კურსებით, დღის ცენტრების მომსახურებით, თავშესაფრითა და საკვებით უზრუნველყოფას“, - ნათქვამია ინფორმაციაში.