გუდაურში სამაშველო ღონისძიებების მიმდინარეობისას ჩამოვარდნილი ვერტმფრენის ბორტზე 8 პირი - ეკიპაჟის 4 წევრი, 2 მაშველი და 2 მედიკოსი იმყოფებოდა
29 ივლისი, 2022
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გუდაურში ჩამოვარდნილ ვერტმფრენის ბორტზე ეკიპაჟის 4 წევრი, ასევე, შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის 2 მაშველი და ჯანდაცვის სამინისტროს საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის 2 მედიკოსი იმყოფებოდა.
უწყების განცხადებით, შინაგან საქმეთა სამინისტროს პარაპლანის ინსტრუქტორის, თანმხლები მგზავრის და ვერტმფრენის ბორტზე მყოფი პირების სამაშველო ღონისძიებებს განაგრძობს.
მათივე ცნობით, შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამისი დანაყოფები გუდაურის მიმდებარე ტერიტორიაზე, შემთხვევის ადგილზე მობილიზებული არიან და ყველა საჭირო ღონისძიებას ატარებენ.
შეგახსენებთ, დღეს, გუდაურის მიმდებარე ტერიტორიაზე, პარაპლანით ფრენის დროს, 2 პირი კლდოვან ფერდობზე ჩამოვარდა. სამაშველო ოპერაციაში სასაზღვრო პოლიციის კუთვნილი ვერტმფრენი ჩაერთო, რომელმაც ღონისძიების მიმდინარეობისას მართვა დაკარგა და ჩამოვარდა.
საჰაერო ტრანსპორტის ექსპლუატაციის წესების დარღვევის ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 275-ე მუხლით მიმდინარეობს.