erimedia_ravk/SlK6HmB4g.jpeg

"ჰაალანდი? ჩვენ კაშია გვყავს!" - რა გეგმები აქვს ვილი სანიოლს

ამბები
"ჰაალანდი? ჩვენ კაშია გვყავს!" - რა გეგმები აქვს ვილი სანიოლს
ამბები

"ჰაალანდი? ჩვენ კაშია გვყავს!" - რა გეგმები აქვს ვილი სანიოლს

erimedia_ravk/SlK6HmB4g.jpeg
20 მარ

საქართველოს საფეხბურთო ნაკრები მომავალი მატჩებისთვის მზადებას იწყებს. ეროვნული გუნდის მთავარმა მწვრთნელმა ვილი სანიოლმა თბილისში პრესკონფერენცია გამართა, აქტუალურ საკითხებზე ისაუბრა და ჟურნალისტების კითხვებსაც უპასუხა.

ვილი სანიოლი (საქართველოს ნაკრების მწვრთნელი)

დავით ხოჭოლავას ტრავმაზე: "მასთან დაკავშირებით არასტანდარტული სიტუაცია გახლდათ. დიდი ხანია, მუხლის პრობლემა აქვს. გუშინ იმიტომ ითამაშა, რომ კლუბმა სთხოვა. დღეს კლინიკაში იყო მისული და დაახლოებით 6-8 კვირა გაუცდება. არ უნდოდა გუშინ კოპენჰაგენში თამაში, რადგან ტკივილს გრძნობდა. ნაკრებში ჩამოსვლა და გუნდის დახმარება უნდოდა, მაგრამ როცა მენისკის პრობლემა გაქვს, არ უნდა გარისკო, რადგან მას მთელი შენი კარიერის დაზიანება შეუძლია. ამიტომ, მისი არგამოძახება სწორი გადაწყვეტილებაა."

ფეხბურთელების სათამაშო პრაქტიკაზე: "მე მინდა, რომ ყველა ჩემი ფეხბურთელი ყოველთვის 90 წუთს თამაშობდეს, მაგრამ, სამწუხაროდ ეს ჩემზე არაა დამოკიდებული. ირაკლი აზაროვს თავიდან პრობლემა ჰქონდა, გიორგი წიტაიშვილი ვერ თამაშობს, ნიკა კვეკვესკირი დიდ დროს მოედანზე არასდროს ატარებდა, მაგრამ საჭირო ტემპი აქვს. ლუკა ლოჩოშვილი დაბრუნდა, 45 წუთი ითამაშა და შემდეგ მოედანზე აღარ გასულა. მესმის, რომ მონღოლეთთან ამხანაგური მატჩი გვაქვს, თუმცა ნორვეგიასთან ძალიან პრინციპული დაპირისპირება გვექნება და თითოეულ პოზიციაზე ისეთი ფეხბურთელები მჭირდება, რომლებიც მუდმივად თამაშობენ. რაღაც უნდა შეიცვალოს, თორემ უთამაშებელი ფეხბურთელების გამოძახებას ვეღარ შევძლებ."

საბა საზონოვზე და რუსეთში მოთამაშე ქართველებზე: "მე მას ვესაუბრე და მითხრა, რომ საქართველოს ნაკრებში თამაში სურს. პოლიტიკაში ვერ ჩავერევი, თუ საზონოვი ნორვეგიასთან მატჩისთვის მზად იქნება, ითამაშებს, თუ არა, მოედანზე არ გავა. პირადად ჩემთვის რუსეთში მოთამაშე ფეხბურთელებზე არავის არაფერი უკითხავს, მე არც პრემიერმინისტრი ვარ, არც პრეზიდენტი. მე ფეხბურთზე ვფიქრობ და მინდა, საქართველოს ნაკრებმა წარმატებას მიაღწიოს. ამისათვის საუკეთესო მოთამაშეები მჭირდება, რუსეთში კი რამდენიმე ახალგაზრდა ნიჭიერი ფეხბურთელი გამოდის. მე ყველა უნდა გამოვიყენო, რათა ჩვენს დასახულ მიზანს მივაღწიოთ."

ლუკა გაგნიძის შესახებ: "გაგნიძე ადრე იმიტომ არ გამოვიძახე, რომ მაშინ მზად არ იყო. ბოლოს მისი თამაშები ვნახე და ვფიქრობ, რომ ამის დრო დადგა."

ვაკო ყაზაიშვილზე: "მე მწვრთნელი ვარ და არ განვსჯი ადამიანებს იმის მიხედვით, თუ რას აკეთებენ ცხოვრებაში. თუმცა ყველამ უნდა იცოდეს, როცა ნაკრების წევრებს შეეხები, როცა ჩვენ შეგვეხები, ეს უკვე პრობლემაა. ეროვნულ გუნდში კარგი ვითარება უნდა იყოს, კარგი განწყობა, ეს ყველაზე მნიშვნელოვანია. სწორედ ამ მიზეზით, ვაკო არ გამოვიძახე. თუმცა რა იქნება მომავალში, ვნახოთ."

ნორვეგიის ნაკრებზე: "ნორვეგია ძალიან ძლიერი გუნდია, რომელსაც ტოპ ფეხბურთელები ჰყავს. მაგრამ ჩვენი მოთამაშეებიც უკვე კარგ გუნდებში ასპარეზობენ და თან, ამ მატჩს სახლში ჩავატარებთ. საკვალიფიკაციო ეტაპის პირველი მატჩია და გვსურს, ისე თამაში განვაგრძოთ, როგორც წინა წელს ერთა ლიგაზე ვაჩვენეთ. ძალიან მარტივია, მიუხედავად იმისა, რომ ნორვეგიის ნაკრებს ვხვდებით, ჩვენი მიზანი მოგება იქნება."

ერლინგ ჰაალანდზე: "ჰაალანდი? სხვა გუნდის ფეხბურთელებზე არ ვლაპარაკობ. ნორვეგიას ჰაალანდი ჰყავს, საქართველოს - გურამ კაშია."

გიორგი ჩაკვეტაძეზე: "ჩაკვეტაძე ნაკრებში მაშინაც გამოვიძახეთ, როცა საუკეთესო ფიზიკურ ფორმაში არ იყო. არ აქვს მნიშვნელობა, რა პოზიციაზე თამაშობს კლუბში, მთავარია, რომ თამაშობს. როცა ნაკრებში ჩამოვა, გიორგის დაველაპარაკები. თუ ის ფორმაში იქნება და ჩვენს დახმარებას შეძლებს, ძალიან გამიხარდება. იცის, რა სისტემით ვთამაშობთ, შესაძლოა, ნახევარდაცვაში მოუწიოს მოქმედება, ან ცოტა წინ. მაგრამ მთავარია, რომ ის ჯანმრთელადაა, თამაშობს და გუნდთან ერთად იქნება."

25 მარტს საქართველოს ნაკრები ბათუმში ჯერ მონღოლეთის გუნდს შეხვდება ტესტ-მატჩში, 28 მარტს კი ევროპის 2024 წლის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის პირველი თამაში ელის ნორვეგიასთან.

ხშირად ნანახი
Სარეკლამო
Სარეკლამო