ჰალუკ ბაირაქტარი რუსეთისთვის მისი წარმოებული დრონების მიყიდვაზე უარს აცხადებს
26 აგვისტო, 2022
Baykar Makina-ს აღმასრულებელი დირექტორი ჰალუკ ბაირაქტარი აცხადებს, რომ რუსეთისთვის მისი წარმოებული დრონების მიყიდვაზე უარს ამბობს. ამის შესახებ მან BBC-სთან ინტერვიუში ისაუბრა.
"ჩვენთვის ფული არ არის პრიორიტეტი. ფული და მატერიალური რესურსები არასდროს ყოფილა ჩვენი ბიზნესის მიზანი", - განაცხადა ჰალუკ ბაირაქტარმა.
ის აღნიშნავს, რომ კომპანიის მეგობრობა და თანამშრომლობა უკრაინასთან მრავალი წელია გრძელდება.
კომპანიის ხელმძღვანელმა აღნიშნა, რომ Bayraktar სისტემები უკრაინაში 2018 წლიდან გამოიყენება.
„ამიტომ, რამდენი ფულიც არ უნდა შემოგვთავაზონ, გულწრფელად რომ ვთქვათ, ამ სიტუაციაში მათთვის დრონების გადაცემაზე საუბარი არ შეიძლება, უკრაინა კი ძალიან უსამართლო, აგრესიული და არაგონივრული თავდასხმის ქვეშ იმყოფება“, - განაცხადა კომპანიის აღმასრულებელმა დირექტორმა.
მანვე დასძინა, რომ არაფერი დაჩრდილავს კომპანიის თანამშრომლობას უკრაინასთან და რა თანხაც არ უნდა შესთავაზონ, მათი "პოზიცია ამ საკითხთან დაკავშირებით ნათელია".