ჰოლანდიაში კამერული მუსიკის ფესტივალზე, მაყურებელი საგანგებოდ ამ ფესტივალისათვის შექმნილ მონოდრამას იხილავს - მონოდრამა საქართველოს ეროვნულ გმირს, მარო მაყაშვილს ეძღვნება.
14 ივლისი, 2022
5 აგვისტოს, ჰოლანდიის ქალაქ დელფტში, კამერული მუსიკის ცნობილ ფესტივალზე, მაყურებელი საგანგებოდ ამ ფესტივალისათვის შექმნილ მონოდრამას იხილავს - სახელწოდებით „მარო“. მონოდრამა საქართველოს ეროვნულ გმირს, მარო მაყაშვილს ეძღვნება, რომელიც 19 წლის ასაკში წითელი არმიის წინააღმდეგ ბრძოლაში, კოჯრის მისადგომებთან დაიღუპა.
ფორტეპიანოს პარტიას ცნობილი პიანისტი, ნინო გვეტაძე შეასრულებს, რომელიც დელფტის ფესტივალის სამხატვრო ხელმძღვანელი და ევროპისთვის მარო მაყაშვილის გაცნობის იდეის ავტორია. მონოდრამისთვის ტექსტი ქართველმა მწერალმა და მთარგმნელმა, სალომე ბენიძემ დაწერა. მაროს საოპერო პარტიას კი ქართველი მეცო-სოპრანო, ნანა ძიძიგური შეასრულებს. კომპოზიტორი ჰოლანდიელი თომას ბაერია, რეჟისორი - გერმანელი დრამატურგი კლაუს ბერტიში. დაუკრავს პოლონური სიმებიანი კვარტეტი.
მუსიკის პარალელურად, მონოდრამის მოსასმენად მისული მაყურებელი მარო მაყაშვილზე შექმნილ ანიმაციასაც იხილავს.
დელფტის კამერული მუსიკის ფესტივალი უკვე 25 წელია ჰოლანდიელი ფერმწერის, იან ვერმეერის ქალაქში იმართება და სტუმრებს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან მასპინძლობს. ერთი წლის წინ ფესტივალის სამხატვრო ხელმძღვანელი ნინო გვეტაძე გახდა.