Human Rights Watch - რუსული ძალები აწამებენ და უკანონოდ აკავებენ მშვიდობიან მოქალაქეებს ხერსონსა და ზაპოროჟიეში
23 ივლისი, 2022
რუსული ძალები აწამებენ, უკანონოდ აკავებენ და აქრობენ მშვიდობიან მოქალაქეებს ხერსონისა და ზაპოროჟიეს ოკუპირებულ ოლქებში, - ამის შესახებ Human Rights Watch-ი იუწყება.
ორგანიზაციის ინფორმაციით, რუსები ასევე აწამებენ აღნიშნულ ოლქებში მყოფ ომის ტყვეებს.
„რუსულმა ძალებმა სამხრეთ უკრაინის ოკუპირებული ტერიტორიები შიშისა და ველური უკანონობის უფსკრულად აქციეს. ჩვენს მიერ დაფიქსირებული ომის დანაშაულები მოიცავს მშვიდობიანი მოქალაქეების წამების, არაადამიანური მოპყრობის, თვითნებური დაკავებისა და უკანონო პატიმრობის ფაქტებს. რუსეთის ხელისუფლებამ დაუყოვნებლივ უნდა შეწყვიტოს ასეთი ქმედებები და გააცნობიეროს, რომ პასუხს აგებენ“, - განაცხადა Human Rights Watch-ის უკრაინელმა მკვლევარმა, იულია გორბუნოვამ.
ორგანიზაციაში აცხადებენ, რომ გამოკითხული ადამიანები აღწერენ, როგორ აწამებდნენ, ან როგორ გახდნენ წამების თვითმხილველები. ისინი საუბრობენ ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში ცემაზე და ზოგიერთ შემთხვევაში ელექტროშოკით წამებაზე. საუბრობენ ისეთ დაზიანებებზე, როგორიცაა გატეხილი ნეკნები, ძვლები, კბილები, მძიმე დამწვრობა, ტვინის შერყევა, ჭრილობები და სისხლჩაქცევები.