იაგო ხვიჩია - ბოლო პერიოდში ისე ვიქცევით, ალბათ თანდათან ევროპისთვის არანაირი გავლენა არ გვექნება და საქართველოს მიმართ დიდი ინტერესი არ იქნება
21 ივლისი, 2022
არც ხელისუფლება და არც ოპოზიცია ევროპელების მიერ დადებულ შეთანხმებას არ ასრულებს, რიტორიკას არ იცვლის, ეს საქართველოს მიმართ ინტერესს ანელებს, – ამის შესახებ საქართველოს პირველ არხს „გირჩის“ წევრმა, დეპუტატმა იაგო ხვიჩიამ განუცხადა.
მისივე თქმით, ნელ-ნელა გამოჩნდება, რა გაითვალისწინა მმართველმა გუნდმა ევროპარლამენტარების მოწოდებებიდან.
„ალბათ ნელ-ნელა გამოჩნდება, რა გაითვალისწინა „ქართულმა ოცნებამ“, თუმცა ევროპარლამენტარების საუბარი მმართველ გუნდთან მაინც წააგავს მგლის თავზე სახარების კითხვას. ალბათ ეს ყველაფერი გამოვლინდება, რადგან „ქართულმა ოცნებამ“ კორექტული საუბარი დიდად არ იცის, რადგან ისევ დაიწყებენ „ომში გვითრევენ“ საუბარს. სამწუხაროდ, ჩვენ ბოლო პერიოდში ისე ვიქცევით, რომ ალბათ თანდათან ევროპისთვის არანაირი გავლენა არ გვექნება და საქართველოს მიმართ დიდი ინტერესი არ იქნება. ქვეყანა, სადაც არც ხელისუფლება და არც ოპოზიცია ევროპელების მიერ დადებულ შეთანხმებას არ ასრულებს, რიტორიკას არ იცვლის, ეს ყველაფერი საქართველოს მიმართ ინტერესს ანელებს და ქართველმა ხალხმა დროზე უნდა მოვიფიქროთ რამე, რადგან ასე გაგრძელება არ შეიძლება, აღმოვჩნდებით არა ევროპის ნაწილად, არამედ რუსეთის პერიფერიად და „ქართული ოცნების“ მიერ იქნება დანგრეული განცხადება, რომ საქართველოს ადგილი დასავლეთშია“, – აღნიშნა იაგო ხვიჩიამ.
მისივე თქმით, ოპოზიციური პარტიები, რომლებიც პროცესში არ ერთვებიან, მოძველებულ პოლიტტექნოლოგიებს ფლობენ.
„რაც შეეხება „ნაციონალურ მოძრაობას“, „ლელოსა“ და „სტრატეგია აღმაშენებელს“, რომლებიც სამუშაო პროცესში არ ერთვებიან, მგონი, მათ მოძველებული პოლიტტექნოლოგიები იციან და თვლიან, რომ ასეთი არალოგიკური პოზიციით ადამიანების ყურადღების მიპყრობა შეიძლება“, – განაცხადა ხვიჩიამ.