იაპონია ვარაუდობს, რომ ჩრდილოეთ კორეამ წყალქვეშა ბალისტიკური რაკეტები გამოსცადა
იაპონიის თავდაცვის სამინისტრო არ გამორიცხავს, რომ ჩრდილოეთ კორეამ წყალქვეშა ბალისტიკური რაკეტები გამოსცადა.
"თავდაცვის სამინისტროს ხელთ არსებული ინფორმაციით, რაკეტების გაშვების ადგილიდან გამომდინარე, არსებობს იმის ალბათობა, რომ ჩრდილოეთ კორეადან მოხდა წყალქვეშა ბალისტიკური რაკეტების გასროლა. თავდაცვის სამინისტრო ასევე აანალიზებს ინფორმაციას, იყო თუ არა გაშვებული რაკეტები იმ წყალქვეშა ბალისტიკური რაკეტების ანალოგიური, რომლის გამოცდაც გასული წლის ოქტომბერში მოხდა და რომელიც არასტანდარტული ტრაექტორიით გაფრინდა", - აღნიშნულია ინფორმაციაში.
შაბათს სამხრეთ კორეას საინფორმაციო სააგენტო Yonhap-მა, სამხედროებზე დაყრდნობით გაავრცელა ინფორმაცია, რომ ჩრდილოეთ კორეამ იაპონიის ზღვის მიმართულებით ამოუცნობი ბალისტიკური რაკეტები გაუშვა.
აღნიშნულთან დაკავშირებით, განცხადება პენტაგონის ინდო-წყნარი ოკეანის სარდლობამაც გაავრცელა:
"ჩვენ საქმის კურსში ვართ ჩრდილოეთ კორეას მხრიდან ბალისტიკური რაკეტების გაშვების ფაქტზე და ჩვენს პარტნიორებთან და მოკავშირეებთან ინტენსიურ კონსულტაციებს ვაწარმოებთ. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენი შეფასებით, აღნიშნული ფაქტი აშშ-ის ან ჩვენი მოკავშირეების ტერიტორიისა და სამხედრო შემადგენლობისთვის პირდაპირ საფრთხეს არ წარმოადგენს, თავად რაკეტების გაშვების ფაქტი მოწმობს მასობრივი განადგურების იარაღისა და სარაკეტო ტექნოლოგიის სფეროში ჩრდილოეთ კორეას უკანონოდ განხორციელებული პროგრამების დესტაბილიზაციურ გავლენას", - ნათქვამია გავრცელებულ პრესრელიზში.