იენს სტოლტენბერგი - ნატო მოლაპარაკებებს აწარმოებს თავდაცვის ინდუსტრიასთან მეტი აღჭურვილობის, იარაღის წარმოებისთვის, რადგან ჩვენ გვჭირდება საკუთარი მარაგების შევსება
21 სექტემბერი, 2022
ნატო-ს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი აცხადებს, რომ ალიანსი და მისი წევრი ქვეყნები თავდაცვის ინდუსტრიასთან მოლაპარაკებებს აწარმოებენ მეტი აღჭურვილობისა და იარაღის წარმოებისთვის საკუთარი მარაგების შესავსებად, ასევე უკრაინის მხარდაჭერის გასაგრძელებლად. ამის შესახებ ნატო-ს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა „როიტერთან“ ინტერვიუში განაცხადა.
„ნატო მოლაპარაკებებს აწარმოებს სხვადასხვა ქვეყანასთან და ასევე, პირდაპირ თავდაცვის ინდუსტრიასთან წარმოების გასაზრდელად, მეტი აღჭურვილობის, მეტი იარაღის მოსაწოდებლად, რადგან ჩვენ გვჭირდება საკუთარი მარაგების შევსება, ნატო-ს ტერიტორიის თავდაცვის და შეკავების უზრუნველსაყოფად, ასევე უკრაინის მხარდაჭერის გასაგრძელებლად“, – განაცხადა იენს სტოლტენბერგმა.
სტოლტენბერგის თქმით, პირველ თვეებში უკრაინისთვის მიწოდებული თითქმის მთელი იარაღი მიდიოდა ნატო-ს წევრი ქვეყნების საკუთარი მარაგებიდან. როგორც ნატო-ს გენერალურმა მდივანმა აღნიშნა, ნატო-მ უკრაინას უპრეცედენტო მხარდაჭერა აღმოუჩინა.
„ჩვენ შევამცირეთ საკუთარი მარაგები. ჩვენ გვჭირდება მარაგების მზადყოფნა და ეს არის მიზეზი, რატომ ვართ მჭიდროდ ჩართული თადაცვის ინდუსტრიასთან მოლაპარაკებებში“, -აღნიშნა სტოლტენბერგმა.
ნატო-ს გენერალური მდივნის თქმით, ალიანსის წევრი ქვეყნები იარაღის წარმოების გაძლიერებას მომავალ შეხვედრებზეც განიხილავენ.