ილია დარჩიაშვილი - მიუნხენის კონფერენციის ფარგლებში ვახდენთ მეგობრებისა და პარტნიორების მობილიზებას უმნიშვნელოვანესი საკითხების გარშემო, რომლებიც არის პრიორიტეტული საქართველოსთვის
ვმუშაობთ ჩვენს პარტნიორებთან, რათა საქართველოს ჰყავდეს ძლიერი მხარდამჭერები, – ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, ილია დარჩიაშვილმა მიუნხენში განაცხადა.
„ჩვენ დღესაც ვაგრძელებთ მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციის ფარგლებში შეხვედრებს ჩვენს პარტნიორებთან და მეგობრებთან. ჩვენი მთავარი მიზანია, მოვახდინოთ ჩვენი მეგობრების მობილიზება იმ საკითხების გარშემო, რომლებიც აწუხებს ჩვენს ქვეყანას. ამ შეხვედრებიდან კონკრეტული შედეგი უკვე გვაქვს. უახლოეს პერიოდში საქართველოში ველოდებით ეუთო-ს თავმჯდომარე ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრს, რომელთან ერთადაც უკვე საქართველოში გავაგრძელებთ მსჯელობას, თუ როგორ გავაძლიეროთ მშვიდობა და სტაბილურობა ჩვენს ქვეყანაში“, – განაცხადა ილია დარჩიაშვილმა.
მისივე თქმით, მთავარი თემა და მთავარი ფოკუსი ასევე არის საქართველოს ევროპული ინტეგრაცია.
„ვმუშაობთ ჩვენს პარტნიორებთან, რათა საქართველოს ჰყავდეს ძლიერი მხარდამჭერები. გუშინ ძალიან საინტერესო საუბარი გამოგვივიდა საფრანგეთის ახლად დანიშნულ საგარეო საქმეთა მინისტრთან, რომელმაც თავისი ქვეყნის მხარდაჭერა აღმითქვა. დღეს უკვე გერმანელ პარტნიორებთან გავაგრძელებთ ამ საკითხზე მსჯელობას, რადგან მიგვაჩნია, რომ სწორედ საფრანგეთი და გერმანია, ორი ძლიერი ქვეყანა ევროკავშირის შიგნით, უნდა იყვნენ თანმიმდევრული ამ მხარდაჭერაში. ჩვენ ასევე გვქონდა ძალიან საინტერესო შეხვედრები აშშ-ის დელეგაციასთან, ქვეყნის, რომელიც არის ჩვენი მთავარი სტრატეგიული პარტნიორი. შეხვედრების დროს ვისაუბრეთ ორმხრივი დიალოგისა და ურთიერთობების დინამიკაზე, ამ დინამიკის კიდევ უფრო გაძლიერებაზე. ვფიქრობ, სწორედ ეს შეხვედრები დამატებით თავის მნიშვნელოვან იმპულსს მოიტანს ამ ურთიერთობებში. ტრადიციულად, როგორც ყოველთვის, მიუნხენის კონფერენციის ფარგლებში საქართველოს დელეგაციის მონაწილეობა იყო შედეგიანი და ეს შედეგი არის ის, რომ ვახდენთ ჩვენი მეგობრებისა და პარტნიორების მობილიზებას იმ უმნიშვნელოვანესი საკითხების გარშემო, რომლებიც აწუხებს ჩვენს ქვეყანას, რომლებიც არის პრიორიტეტული საქართველოსთვის და ეს არის ჩვენი ნომერ პირველი, მთავარი პრიორიტეტი“, – აღნიშნა ილია დარჩიაშვილმა.