ილია დარჩიაშვილი - საქართველოსა და თურქეთს შორის სავაჭრო ნიშნული 3 მილიარდი დოლარია და იმედია, ამ ნიშნულს ჩვენ მალე მივაღწევთ
28 ივლისი, 2022
ჩვენს ქვეყნებს შორის არსებული არაჩვეულებრივი ხალხთაშორისი და პოლიტიკური თანამშრომლობის პარალელურად, ჩვენ გვაქვს საკმაოდ დინამიური სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობები. გვაქვს კონკრეტული ნიშნულები, რომელთან სწორებასაც აქტიურად ვცდილობთ ორივე ქვეყანა და სწორედ ამ პროცესში ვცდილობთ, ყოველწლიურად გვქონდეს კონკრეტული ხელშესახები დინამიკა ვაჭრობის კუთხით. ვაჭრობის კუთხით ჩვენი მორიგი ნიშნული განსაზღვრულია 3 მილიარდი დოლარის ოდენობით, – ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა ილია დარჩიაშვილმა სტამბოლში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, თურქ კოლეგასთან მევლუთ ჩავუშოღლუსთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
მისივე თქმით, ერთობლივი ძალისხმევით, საქართველო და თურქეთი ამ ნიშნულს ძალიან მალე მიაღწევენ, რის შედეგადაც განისაზღვრება ახალი ნიშნული, რომელიც უფრო გააძლიერებს და გააღრმავებს ორ ქვეყანას შორის სავაჭრო-ეკონომიკურ თანამშრომლობას.
„ჩვენი, როგორც საგარეო საქმეთა სამინისტროები, ისე სხვა სახელმწიფო უწყებები, ძალიან აქტიურად თანამშრომლობენ წლის განმავლობაში ერთმანეთთან, რათა მაქსიმალურად გავაადვილოთ ვაჭრობა და ხელი შევუწყოთ ჩვენს ქვეყნებს შორის ეკონომიკურ თანამშრომლობას. ჩვენ მომავალშიც გავაგრძელებთ ამ ძალისხმევას იმისთვის, რომ მაქსიმალურად შევამციროთ ყველა არსებული ტექნიკური ბარიერი, რომელიც ამ ეტაპზე აფერხებს ამ პროცესს“, – აღნიშნა დარჩიაშვილმა.
საქართველოს საგარეო უწყების ხელმძღვანელმა საინვესტიციო გარემოს განვითარების მნიშვნელობაზეც ისაუბრა.
„ინვესტიციების კუთხით ჩვენ მაქსიმალურად ვცდილობთ, რომ ორი ქვეყნის კერძო სექტორის წარმომადგენლებს ჩვენი, სახელმწიფო სტრუქტურების მხრიდან მაქსიმალურად შევუწყოთ ხელი, რათა მათ უფრო ადვილად შეძლონ ნავიგაცია ამ პროცესში და ერთის მხრივ, თურქეთის კერძო სექტორის წარმომადგენლებისთვის უფრო მიმზიდველი გახდეს საქართველოს საინვესტიციო ბაზარი, და პირიქით, ქართველი ბიზნესმენები დაინტერესდნენ თურქეთის საინვესტიციო ბაზრით. შესაბამისად, ამ მხრივაც და სამართლებრივი დაახლოების კუთხითაც ჩვენ ძალისხმევას არ ვიშურებთ“, – განაცხადა ილია დარჩიაშვილმა.