ილია დარჩიაშვილი ალბანელ კოლეგას შეხვდა
23 სექტემბერი, 2022
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი, გაერო-ს გენერალური ასამბლეის ფარგლებში, ალბანეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელს შეხვდა.
ილია დარჩიაშვილმა და ოლტა ჯაჩკამ ისაუბრეს საქართველოსა და ალბანეთს შორის თანამშრომლობისა და მაღალი დონის კავშირების განვითარებისა და ინტენსიფიკაციის გზებზე, რაც განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს საქართველოს ევროპული მისწრაფებების გათვალისწინებით.
მინისტრებმა განიხილეს ევროკომისიის გადაწყვეტილება საქართველოსთვის ევროპული პერსპექტივის მინიჭების შესახებ და კომისიის პრიორიტეტების შესრულების მიმდინარეობის პროცესი. ხაზი გაესვა ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე ალბანეთის გამოცდილების გაზიარების მნიშვნელობას.
მინისტრმა მადლობა გადაუხადა კოლეგას საქართველოს სუვერენიტეტის და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერისთვის. ასევე აღინიშნა ნატო-ში ინტეგრაციის გზაზე ალბანეთის პოლიტიკური და პრატქიკული ჩართულობა.
ორმხრივი ურთიერთობის მიმართულებით, სხვა საკითხებთან ერთად, ყურადღება გამახვილდა ეკონომიკის და ტურიზმის სფეროში თანამშრომლობის პოტენციალზე. ილია დარჩიაშვილმა ალბანელი კოლეგა საქართველოში ოფიციალური ვიზიტით მოიწვია.
ინფორმაციას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.