ილია მეორე - გულითადად გილოცავთ მთელი ქრისტიანული სამყაროს გამორჩეულ დღესასწაულს, ღვთისმშობლის შობას. ეს არის დღე სიხარულისა, იმედისა და ღმერთთან დარღვეული მშვიდობის აღდგენის დასაწყისისა
იმედი და რწმენა ღვთისა მიემადლოს ჯანმრთელობის პრობლემების მქონე ყველა მოზარდსა და მათი ოჯახის წევრებს, საერთოდ, განსაცდელში მყოფ ყველა ადამიანს, – ამის შესახებ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია მეორის მილოცვაშია ნათქვამი.
ილია მეორე მრევლს ღვთისმშობლის შობის დღესასწაულს ულოცავს. მისი თქმით, განსაკუთრებით სურს, დალოცოს მოზარდები, რომლებიც ონკოლოგიურ დაავადებას ებრძვიან, რადგან სექტემბერი ბავშვთა კიბოსთან ბრძოლის საერთაშორისო თვეა.
„ქრისტეს მიერ საყვარელო ჩვენო სულიერო შვილებო, გულითადად გილოცავთ მთელი ქრისტიანული სამყაროს გამორჩეულ დღესასწაულს, ღვთისმშობლის შობას. ეს არის დღე სიხარულისა, იმედისა და ღმერთთან დარღვეული მშვიდობის აღდგენის დასაწყისისა.
შევთხოვ უფალს და ყოვლადწმინდა ღვთისმშობელს, დალოცოს ჩვენი ქვეყანა და თითოეული თქვენგანი. განსაკუთრებით კი ყველა ის მოზარდი, ვინც ონკოლოგიურ დაავადებას ებრძვის, რადგან, როგორც ცნობილია, სექტემბერი ბავშვთა კიბოსთან ბრძოლის საერთაშორისო თვეა.
დღეს წირვას ესწრებიან ბერი ანდრიას ფონდის შვილობილები; ისინიც, მართალია, ამ სენით არიან დაავადებულნი, მაგრამ იმედით უყურებენ მომავალს, რადგან მზრუნველთა ღვაწლით ღვთის სასოება აქვთ და იციან, რომ დაავადებულ ყმაწვილთა დიდმა ნაწილმა დაამარცხა სიმსივნე და გამოჯანმრთელდა.
იმედი და რწმენა ღვთისა მიემადლოს ჯანმრთელობის პრობლემების მქონე ყველა მოზარდსა და მათი ოჯახის წევრებს, საერთოდ, განსაცდელში მყოფ ყველა ადამიანს.
ყოვლადწმინდა ღვთისმშობელმა ბოროტისგან დაიცვას და თვისი კალთა გადააფაროს სრულიად საქართველოს," – ნათქვამია ილია მეორის მილოცვაში.