ილიას ზუროსმა მომავალი მატჩებისთვის შემადგენლობა დაასახელა - სიაში არ არიან ბითაძე და მამუკელაშვილი
მსოფლიოს 2023 წლის ჩემპიონატის მე-5 საკვალიფიკაციო ფანჯრის წინ, ცნობილი გახდა საქართველოს ეროვნული საკალათბურთო ნაკრების გაფართოებული შემადგენლობა.
ილიას ზუროსმა მოახლოებული თამაშებისთვის 17 კალათბურთელი გამოიძახა:
რატი ანდრონიკაშვილი, გივი ბაქრაძე, ბექა ბექაური, მიხეილ ბერიშვილი, მერაბ ბოქოლიშვილი, ბექა ბურჯანაძე, კახაბერ ჯინჭარაძე, გიორგი კორსანტია, ილია ლონდარიძე, თად მაკფადენი, ალექსანდრე ფევაძე, რევაზ როგავა, დუდა სანაძე, თორნიკე შენგელია, გიორგი შერმადინი, გიორგი ცინცაძე, გიორგი ტურძილაძე.
გამოდის, რომ ევრობასკეტის მატჩებთან შედარებით საქართველოს ნაკრებს მხოლოდ NBA-ში მოთამაშე კალათბურთელები გოგა ბითაძე და სანდრო მამუკელაშვილი აკლია.
საგანგაშოა ის ფაქტიც, რომ უგუნდოდაა საქართველოს ნაკრების რამდენიმე წამყვანი კალათბურთელი. მაგალითად, მხოლოდ ინდივიდუალურად ვარჯიშობენ რატი ანდრონიკაშვილი, დუდა სანაძე და ბექა ბურჯანაძე, გუნდის კაპიტან თორნიკე შენგელიას კი ტრავმის გამო, ორ თვეზე მეტი გაუცდა და პირველი მატჩის ჩასატარებლად ახლაღა ემზადება.
შეგახსენებთ, რომ ილიას ზუროსის შეგირდები საკვალიფიკაციო ციკლს 11 ნეომბერს განაახლებენ, როდესაც რეიკიავიკში ისლანდიას ეთამაშებიან, 14 ნოემბერს კი, თბილისში, იტალიის ეროვნულ გუნდთან დაპირისპირებაა დაგეგმილი.
ამ დროისთვის L ჯგუფს 5-5 მოგებით ესპანეთი და იტალია ლიდერობენ და უკვე ცხადია, რომ ორ ევროპულ გრანდთან ბრძოლა ძნელი იქნება, თუმცა მსოფლიოს პირველობაზე გამსვლელ მე-3 ადგილზე გასვლის კონკურენტები საქართველოსთვის ისლანდია და უკრაინა არიან.