ილონ მასკი ირანში Starlink-ის თანამგზავრულ ინტერნეტს გაუშვებს
24 სექტემბერი, 2022
ილონ მასკმა ირანში Starlink-ის თანამგზავრული ინტერნეტ ქსელის გაშვება დააანონსა. ამის შესახებ მან "ტვიტერზე" აშშ-ს სახელმწიფო მდივნის, ენტონი ბლინკენის პოსტის საპასუხოდ დაწერა.
"ჩვენ ვაპირებთ ირანელი ხალხის დახმარებას, რომ ისინი არ იყვნენ იზოლაციასა და სიბნელეში“, - განაცხადა ბლინკენმა.
მისივე თქმით, ინტერნეტის შეზღუდვების ნაწილობრივი შემსუბუქება "კონკრეტული ნაბიჯია ირანის მოსახლეობის მხარდაჭერის უზრუნველსაყოფად, რომლებიც მათი ძირითადი უფლებების დაცვას ითხოვენ". მანვე აღნიშნა, რომ ირანის მთავრობას „საკუთარი ხალხის ეშინია".
მას შემდეგ, რაც ირანის ხელისუფლებამ ქვეყნის დიდ ნაწილზე ინტერნეტი აკრძალა, 23 სექტემბერს აშშ-ის ხაზინამ ზოგადი ლიცენზია გამოსცა.
„მიუხედავად იმისა, რომ ირანის მთავრობა წყვეტს თავისი ხალხის გლობალურ ინტერნეტზე წვდომას, შეერთებული შტატები, ინფორმაციის თავისუფალი ნაკადის და ირანელი ხალხისთვის ფაქტებზე დაფუძნებულ ინფორმაციაზე წვდომის მხარდასაჭერად, ზომებს მიიღებს“, - ნათქვამია სააგენტოს განცხადებაში.
ილონ მასკის თქმით, ის თავის სატელიტურ ინტერნეტ Starlink-ს გაააქტიურებს, რათა ირანისთვის ინტერნეტ სერვისების მიწოდება უზრუნველყოს. მან აქცენტი სწორედ ხაზინის მიერ ზოგადი ლიცენზიის გამოქვეყნებაზე გააკეთა.
ცნობისთვის, გასულ კვირას 22 წლის ირანელი ქალი მაჰსა ამინი კომაში ჩავარდა მას შემდეგ, რაც ის პოლიციამ თავსაბურავის ტარების წესების სავარაუდო დარღვევისთვის დააკავა. ვრცელდება ინფორმაცია, რომ პოლიციის ოფიცრებმა მას თავში ხელკეტი ჩაარტყეს. თავის მხრივ პოლიციამ განაცხადა, რომ არასათანადო მოპყრობის რაიმე მტკიცებულება არ არსებობს. აღნიშნულს თეირანში მასობრივი ანტისამთავრობო აქციები მოჰყვა. დემონსტრანტი ქალები პროტესტის ნიშნად თავსაბურავებს საჯარო სივრცეში იხდიან. პოლიციასთან შეტაკებებს 30-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა. პროტესტის ჩახშობის მიზნით კი ირანის ხელისუფლებამ დემონსტრაციებს ინტერნეტთან წვდომის შეზღუდვით უპასუხა.