ილონ მასკმა დონალდ ტრამპს შესთავაზა, პრეზიდენტად არჩევის შემთხვევაში, ტრამპის ადმინისტრაციაში გარკვეული როლი შეასრულოს
დონალდ ტრამპის აშშ-ის პრეზიდენტად არჩევის შემთხვევაში, ილონ მასკმა ტრამპს შესთავაზა, მის ადმინისტრაციაში გარკვეული როლი შეასრულოს.
„ვფიქრობ, კარგი იქნება, რომ გვქონდეს სამთავრობო ეფექტურობის კომისია, რომელიც გადახედავს ამ საკითხებს და უზრუნველყოფს, რომ გადასახადის გადამხდელთა ფული, გადასახადის გადამხდელთა ძალიან ძნელად გამომუშავებული ფული, სწორად დაიხარჯოს. სიამოვნებით დავეხმარები ასეთ კომისიას მუშაობაში“, – განაცხადა მასკმა აშშ-ის ყოფილ პრეზიდენტთან ინტერვიუს დროს.
ტრამპმა აღნიშნა, რომ მოეწონებოდა ეს იდეა, თუ ამაში ილონ მასკი ჩაერთვებოდა.
მე ეს ძალიან მომეწონებოდა, – განაცხადა პასუხად დონალდ ტრამპმა.
ტრამპის თქმით, ილონ მასკის დახმარება ერთ-ერთი მთავარია მის მიერ გაცემული წინასაარჩევნო დაპირების შესრულებაში. მისივე განმარტებით, მას დახმარება განათლების დეპარტამენტთან დაკავშირებული პრობლემების აღმოფხვრაში სჭირდება.
„ეს ის ადგილია, სადაც მე მჭირდება ილონ მასკი, მჭირდება ადამიანი, რომელსაც აქვს დიდი ძალა, გამბედაობა და ჭკუა. მე მინდა, დავხურო განათლების დეპარტამენტი და დავაბრუნო განათლება შტატებში“, – განაცხადა ტრამპმა.
დონალდ ტრამპის ინტერვიუ ილონ მასკთან, რომელიც სოციალურ ქსელ „X“-ზე მიმდინარეობდა, დაახლოებით ორ საათს გაგრძელდა. ინტერვიუ 40 წუთის დაგვიანებით დაიწყო, რადგან, მასკის თქმით, სოციალურ ქსელზე აქტიურად მიმდინარეობდა კიბერთავდასხმა.
მასკმა ინტერვიუს დროს აღნიშნა, რომ მიზეზი, რის გამოც ტრამპს უჭერს მხარს, არის აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტის რეაქცია თავდასხმაზე. მისი თქმით, ტრამპის მიერ შეკრული მუშტი, მას შემდეგ რაც თავს დაესხნენ, „წარმოუდგენლად შთამაგონებელი იყო“.