ინოვაციებისა და ტექნოლოგიების ბანაკი 2022 იხსნება
7 აგვისტო, 2022

საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს ორგანიზებით მსოფლიო ბანკის „ეროვნული ინოვაციური ეკოსისტემის“ პროექტის ფარგლებში ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი ბათუმის ქართულ-ამერიკული სკოლის ბაზაზე ინოვაციებისა და ტექნოლოგიების ბანაკს ახორციელებს.
საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს ინფორმაციით, ბანაკი დღეს იხსნება და მასში მონაწილეობს კონკურსით შერჩეული სხვადასხვა საჯარო სკოლის 75 მოსწავლე მთელი საქართველოდან. მათ პროექტის ფარგლებში სრულად დაუფინანსდათ ბანაკში მონაწილეობასთან დაკავშირებული ხარჯები.
8 დღის განმავლობაში მონაწილეები გაეცნობიან საბუნებისმეტყველო და ტექნიკური მეცნიერებების აქტუალურ საკითხებს და მიიღებენ საწყის ცოდნას ტექნოლოგიებსა და მეწარმეობაში, რაც შემდგომ დაეხმარებათ STEM მიმართულებით კარიერის შერჩევაში.
8 დღის განმავლობაში მოსწავლეები:
- იმუშავებენ არდუინოსა და პროგრამირებაზე;
- მოისმენენ სამეცნიერო-პოპულარულ ლექციებს ხელოვნურ ინტელექტზე, რობოტიკაზე, ასევე ბიოქიმიასა და ასტროფიზიკაზე;
- გაეცნობიან სამეწარმეო და სტარტაპმიდგომებს თანამედროვე ტექნოლოგიებში;
- ჩაატარებენ სახალისო სამეცნიერო ექსპერიმენტებს;
- მონაწილეობას მიიღებენ სხვადასხვა საინჟინრო შეჯიბრებაში.
ინოვაციების და ტექნოლოგიების ბანაკის მონაწილეები მთელი საქართველოდან STEM მიმართულებით მათი გამოცდილებისა და მოტივაციის საფუძველზე შეირჩნენ. წელს მონაწილეობის სურვილი 2000-ზე მეტმა მოსწავლემ გამოთქვა და მათი აპლიკაციების განხილვის საფუძველზე 150 მონაწილე შევარჩიეთ.
რეგიონების მიხედვით მონაწილეები ასე განაწილდნენ:
- თბილისი –30
- კახეთი – 20
- შიდა ქართლი და მცხეთა-თიანეთი – 10
- სამეგრელო-ზემო სვანეთი – 20
- აჭარა – 20
- სამცხე ჯავახეთი და ქვემო ქართლი – 10
- იმერეთი - 20
- გურია - 10
- რაჭა - ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი-10
ინოვაციებისა და ტექნოლოგიების ბანაკის ორგანიზატორია საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტო მსოფლიო ბანკის ,,ეროვნული ინოვაციური ეკოსისტემის“ პროექტის ფარგლებში.
პროექტს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი ახორციელებს.
„ბანაკში მონაწილეობის მსურველთა 2000-ზე მეტი აპლიკაცია მივიღეთ. ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტისა და ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს წარმომადგენლებთან ერთად თითქმის 1 კვირის განმავლობაში ხდებოდა აპლიკაციების გადარჩევა. აპლიკაციების განხილვის საფუძველზე ორივე ნაკადისთვის ჯამში 150 მონაწილე შევარჩიეთ საქართველოს სხვადასხვა რეგიონიდან. მონაწილეებს შესაძლებლობა ექნებათ ჩაერთონ პრაქტიკულ ლექციებში, გაიღრმაონ ცოდნა რობოტიქსის, ხელოვნური ინტელექტის, დრონების, სამოქალაქო ინჟინერიის, დიზაინის, ბიოქიმიისა და ასტროფიზიკის მიმართულებით. ბანაკის ფარგლებში მონაწილეებს ლექციებსა და ტრენინგებს ჩაუტარებენ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორები და მოწვეული ლექტორები. ტრენინგების ჩატარების გარდა მომხსენებლები მონაწილეებს გაუზიარებენ საკუთარ გამოცდილებას, რაც მათ უკეთ დაეხმარებათ კარიერის დაგეგმვასა და სამომავლო პროფესიის არჩევაში“, - აცხადებს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ტექნოლოგიური მეწარმეობისა და ინოვაციების განვითარების ცენტრის ხელმძღვანელი ავთანდილ მღებრიშვილი.
„ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტო მისი მანდატის ფარგლებში, ხელს უწყობს ეროვნული ინოვაციური ეკო-სისტემის შექმნას საქართველოში. იქიდან გამომდინარე, რომ ამავე მიზნის მისაღწევად არსებითად მნიშვნელოვანია ახალი თაობის ჩართულობა ტექნოლოგიებში და ზოგადად მომავლის პროფესიებში, ჩვენც აქტიურად ვფოკუსირდებით მათ გადამზადებაზე. ვფიქრობთ, რომ GITA-ს ინიციატივები დიდ გავლენას ახდენს ახალგაზრდების კარირერული განვითარების გზის შერჩევაზე, რასაც ჩვენი ბენეფიციარების წარმატების ისტორიებიც მეტყვლებს“, - აცხადებს GITA-ს სტრატეგიული განვითარების პროექტების მენეჯერი სალომე ნაფეტვარიძე.
