ირაკლი ღარიბაშვილი - 1993 წლის 27 სექტემბერს სოხუმის დაცემა ჩვენი ისტორიის ტრაგიკულ დღედ იქცა
27 სექტემბერი, 2022

სოხუმის დაცემის დღესთან დაკავშირებით, საქართველოს პრემიერ-მინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი მიმართვას ავრცელებს:
"1993 წლის 27 სექტემბერს სოხუმის დაცემა ჩვენი ისტორიის ტრაგიკულ დღედ იქცა.
ომმა ასეულობით ათასი ადამიანი საკუთარ სამშობლოში დევნილად აქცია და, რაც ყველაზე სამწუხაროა, ჩვენი მრავალი თანამოქალაქის სიცოცხლე შეიწირა. კიდევ ერთხელ გამოვხატავ თანაგრძნობას მათი ოჯახის წევრებისა და ახლობლების მიმართ.
ამ დღიდან, საქართველოს გაერთიანება თითოეული ჩვენგანის უმთავრესი მიზანია და იგი ეფუძნება ჩვენს რწმენას, რომ ერთიან, ძლიერ, განვითარებულ ქვეყანაში ცხოვრება საუკეთესო პერსპექტივაა ჩვენი ხალხისთვის.
ასევე გვჯერა, და ეს არაერთხელ დავამტკიცეთ საქმით, რომ გზა ამ მიზნისაკენ მხოლოდ სამშვიდობო პროცესზე, დიალოგზე და თანამშრომლობაზე გადის.
მომავალი ეკუთვნის აფხაზთა და ქართველთა ერთობას, მშვიდობას და კეთილდღეობას", - ნათქვამია პრემიერ-მინისტრის განცხადებაში.