ირაკლი ღარიბაშვილი - მკაცრად ვგმობ ალექსანდრე ლუკაშენკოს „ვიზიტს“ რუსეთის მიერ ოკუპირებულ აფხაზეთის რეგიონში
28 სექტემბერი, 2022

საქართველოს პრემიერ-მინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი ბელარუსის პრეზიდენტის, ალექსანდრე ლუკაშენკოს აფხაზეთში ჩასვლას გამოეხმაურა. ამის შესახებ მან განცხადება "ტვიტერში" გამოაქვეყნა.
"მკაცრად ვგმობ ალექსანდრე ლუკაშენკოს „ვიზიტს“ აფხაზეთში, რომელიც საქართველოს რეგიონია და რუსეთის მიერ არის ოკუპირებული და ასევე მის შეხვედრებს რუსეთის საოკუპაციო რეჟიმთან. მისი ეს ნაბიჯი არღვევს საქართველოს კანონს ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ და ეწინააღმდეგება საერთაშორისო სამართალს, ისევე, როგორც ჩვენს ქვეყნებს [საქართველოს და ბელარუსს] შორის არსებულ ორმხრივ ურთიერთობებს", - წერს ტვიტერში პრემიერ-მინიტრი.
როგორც ცნობილია, ბელარუსის პრეზიდენტი, ალექსანდრე ლუკაშენკო დღეს ოკუპირებულ აფხაზეთში ჩავიდა, სადაც ოკუპირებული აფხაზეთის დე-ფაქტო პრეზიდენტს, ასლან ბჟანიას შეხვდა.
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ, ოკუპირებულ აფხაზეთში ალექსანდრე ლუკაშენკოს ჩასვლის გამო, ბელარუსს დამატებითი განმარტებები მოსთხოვა. საქართველოში ბელარუსის ელჩი, ანატოლი ლისი საგარეო უწყებაში დაიბარეს.
მოგვიანებით, საგარეო უწყებამ განცხადება გაავრცელა, სადაც ნათქვამია, რომ ოკუპირებულ აფხაზეთში ლუკაშენკოს „ვიზიტი“ უხეშად არღვევს საერთაშორისო სამართლის ფუნდამენტურ პრინციპებსა და ნორმებს.