ირაკლი ღარიბაშვილი - „ნაციონალურ მოძრაობას“ და მის შიდა თუ გარე პარტნიორებს ვურჩევდი, შეეგუონ არსებულ მოცემულობას, მშვიდობას, სტაბილურობას და ორნიშნა ეკონომიკურ ზრდას
12 ივლისი, 2022
ხალხი დღეს კარგად არჩევს შავსა და თეთრს, „ნაციონალური მოძრაობის“ თამაშის წესებს და ბიძინა ივანიშვილის მიერ დატოვებულ თამაშის წესებს, ვის სურს ომი და ვის სურს მშვიდობა საქართველოსთვის, – ამის შესახებ აღნიშნულია განცხადებაში, რომელსაც პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ავრცელებს.
მისივე თქმით, „ნაციონალურ მოძრაობას“ და მის შიდა თუ გარე პარტნიორებს ურჩევს, შეეგუონ არსებულ მოცემულობას – მშვიდობას, სტაბილურობას და ორნიშნა ეკონომიკურ ზრდას.
„ჩვენი საზოგადოების ერთ-ერთმა თვალსაჩინო წარმომადგენელმა რამდენიმე დღის წინ დაწერა, ბიძინა ივანიშვილმა, როგორც პოლიტიკის გროსმაისტერმა, ოპოზიცია პატურ მდგომარეობაში ჩააყენაო. მართლაც, მან ჩვენს ოპონენტებს თამაში და სვლები არ დაუტოვა. ეს არის მდგომარეობა, როდესაც ბიძინა ივანიშვილი არც თავად აკეთებს სვლებს და არც ოპონენტებს აძლევს იმის შანსს, რომ ქვეყნის წინააღმდეგ რაიმე სვლა გააკეთონ.
რა თქმა უნდა, ამ მდგომარეობას საზოგადოების სწორი ანალიზიც უწყობს ხელს. გასული 30 წლის განმავლობაში საზოგადოებამ ძალიან დიდი გამოცდილება შეიძინა. ხალხი დღეს კარგად არჩევს შავსა და თეთრს, „ნაციონალური მოძრაობის“ თამაშის წესებს და ბიძინა ივანიშვილის მიერ დატოვებულ თამაშის წესებს, ვის სურს ომი და ვის სურს მშვიდობა საქართველოსთვის, ვის სურს არეულობა და ვის სურს სტაბილურობა, ვის სურს რეგრესი და ვის სურს ქვეყნის წინსვლა და განვითარება. სწორედ ამიტომაა, რომ ხელისუფლებაზე მრავალი მხრიდან განხორციელებული შეტევის მიუხედავად, ჩვენმა პოლიტიკურმა ოპონენტებმა ხალხის შეცდომაში შეყვანა და საზოგადოების მხარდაჭერის მოპოვება ვერაფრით შეძლეს.
ბიძინა ივანიშვილის მიერ დატოვებული თამაშის წესები და საზოგადოების გამოცდილება არის ორი ფაქტორი, რომელიც ჩვენს პოლიტიკურ ოპონენტებს წარმატების არავითარ შანსს არ უტოვებს. ასეთ პირობებში, ნაციონალურ მოძრაობას და მის შიდა თუ გარე პარტნიორებს ვურჩევდი, შეეგუონ არსებულ მოცემულობას – მშვიდობას, სტაბილურობას და ორნიშნა ეკონომიკურ ზრდას. მათ უნდა გაიაზრონ, რომ რამდენიც არ უნდა მოინდომონ, საქართველოს ომში ვეღარ ჩართავენ. მათ უნდა გაიაზრონ, რომ როცა სვლა არა გაქვს, უმჯობესია სტრატეგია შეცვალო და გაჩერდე, რომ თამაში ახალი პარტიისთვის მაინც დაიტოვო“, – ნათქვამია პრემიერის განცხადებაში.