ირაკლი ღარიბაშვილი - სანქციები რომ დააკისრონ ქვეყანას თუ ხალხს, არასწორი მიდგომაა, ასეთი მუქარა, შანტაჟი არ არის შედეგის მომტანი
სანქციები რომ დააკისრონ ქვეყანას თუ ხალხს, ეს მიდგომა უკვე არის არასწორი, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი ღარიბაშვილმა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის მიღებასთან დაკავშირებით პარტნიორების მიერ გაკეთებულ განცხადებებზე დასმული კითხვის საპასუხოდ განუცხადა.
მისივე თქმით, მუქარა თუ შანტაჟი არ არის შედეგის მომტანი.
ამასთან, როგორც ღარიბაშვილმა აღნიშნა, პარტნიორებთან დიალოგი აუცილებელია და ეს უნდა გაგრძელდეს.
„არა მხოლოდ მე, არამედ პრემიერმა, პარლამენტის თავმჯდომარემ, ყველამ არა ერთხელ თქვეს, რომ გუნდი დისკუსიისთვის მზად არის. ვეტო თუ არის გამოსავალი და ვეტოს ფარგლებში შესაძლებელია, მოიძებნოს გამოსავალი, რაც სიტუაციას განმუხტავს, ყველა ჩართულ მხარეს დაამშვიდებს და მიაღებინებს იმას, რაც მისაღებია, მგონი, ეს იდეალური შემთხვევა იქნებოდა.
რაც შეეხება ჩვენს პარტნიორებს, აუცილებელია დისკუსია, დიალოგი, ეს ყოველთვის უნდა გაგრძელდეს. სანქციები რომ დააკისრონ ქვეყანას თუ ხალხს, საერთოდ ეს მიდგომა უკვე არასწორია. ერთი მხრივ, ჩვენ ვადასტურებთ და ვამბობთ, რომ გვინდა დისკუსია, განხილვა, მეორე მხრივ, ასეთი მუქარა, შანტაჟი თუ ასეთი განცხადებები არ არის პროდუქტიული და შედეგის მომტანი“, – აღნიშნა ღარიბაშვილმა.