ირაკლი ღარიბაშვილი - ვაფრთხილებ ქვეყნის შიგნით მტრულ ძალებს და მათ მხარდამჭერებს ქვეყნის საზღვრებს გარეთ, არ დავუშვებთ, რომ დესტრუქციულმა ძალებმა კიდევ ერთხელ დაანგრიონ ქვეყანა
მინდა, კიდევ ერთხელ გავაფრთხილო როგორც ქვეყნის შიგნით მოქმედი მტრული ძალები, ასევე ქვეყნის საზღვრებს გარეთ მათი მხარდამჭერები, რომ ჩვენ არ დავუშვებთ არავითარ არეულობას ქვეყანაში. არ დავუშვებთ, რომ ასეთმა დესტრუქციულმა ძალებმა კიდევ ერთხელ, ხელმეორედ დაანგრიონ ჩვენი ქვეყანა, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.
ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, შემაშფოთებელია ფაქტი, რომ უცხო ქვეყნის მოქალაქეების მიერ საქართველოში ტრენინგების ჩატარება შენიღბულია იმით, თითქოს ტრენინგებს უტარებენ კულტურის სფეროს წარმომადგენლებს, ამ დროს კი პირდაპირ არის მოწოდება, როგორ უნდა მოახდინონ რევოლუცია და ხელისუფლების ძალადობრივი გზით დამხობა.
„საზოგადოებამ დღეს დილით მოისმინა სუს-ის მიერ გავრცელებული ინფორმაცია და კონკრეტული მტკიცებულებები იმასთან დაკავშირებით, როგორ მზადდება არეულობა ქვეყანაში. იცით, რომ რამდენიმე ხნის წინ ვაცნობეთ საზოგადოებას ამის თაობაზე და გავუმხილეთ ის გეგმები და ჩანაფიქრი, რომელიც აქვს ჩვენს დესტრუქციულ ძალებს, ქვეყნის შიგნით მოქმედ მტრულ, ანტიეროვნულ და ანტისახელმწიფოებრივ ძალებს, რომელსაც აქვს დახმარება ქვეყნის საზღვრებს გარეთ. ნახეთ, რომ მათაც აქტიური ჩართულობა აქვთ უცხო ქვეყნებიდან.
შემაშფოთებელია ის ფაქტი, რომ უცხო სახელმწიფოს მოქალაქეები ჩამოდიან ქვეყანაში, აქ მართავენ ტრენინგებს. ეს ყველაფერი შენიღბულია, თითქოს ხელოვნებისა და კულტურის სფეროს წარმომადგენლებს უტარებენ ტრენინგებს. ამ დროს პირდაპირ მიდის მოწოდება და ტრენინგები, როგორ უნდა მოახდინონ რევოლუცია და ხელისუფლების ძალადობრივი გზით დამხობა. ამ ხალხმა ალბათ ვერაფერი ისწავლა, ანალიზს ვერ უკეთებენ ფაქტია, უკვე ამდენი წელი გავიდა და ისევ ჩარჩენილი არიან წარსულში. მათ ჰგონიათ, რომ ახლა არის 2003 წელი, ახლა არის 2023 წელი და ჩვენ ხელისუფლებაში ვართ 11 წელზე მეტია. ჩვენ არ დავუშვებთ ასეთი არარაობების დესტრუქციული რადიკალური ძალების მიერ არავითარ არეულობას და დესტაბილიზაციას ქვეყანში. მინდა გითხრათ, რომ დღეს სახელმწიფო არის ძლიერი და მტკიცედ დგას თავის სიმაღლეზე.
მინდა, კიდევ ერთხელ გავაფრთხილო ეს ადამიანები, როგორც ქვეყნის შიგნით მოქმედი მტრული ძალები, ასევე მათი მხარდამჭერები ქვეყნის საზღვრებს გარეთ, რომ ჩვენ არ დავუშვებთ არავითარ არეულობას ქვეყანაში. არ დავუშვებთ, რომ ასეთმა დესტრუქციულმა ძალებმა კიდევ ერთხელ, ხელმეორედ დაანგრიონ ქვეყანა. ჩვენ გამოვიარეთ არაერთი კრიზისი 90-იანი წლებიდან მოყოლებული, იქნებოდა ეს სამოქალაქო არეულობა, ომები, თუ უამრავი დესტაბილიზაცია. ეს არის ერთადერთი უწყვეტი პერიოდი მშვიდობისა და სტაბილურობის, რომელიც ჩვენმა ხელისუფლებამ მოიტანა ქვეყანაში. ჩვენ კარგად ვიცით, რა არის მათი მიზანი და გეგმები. მათი მიზანია ძალადობა, არეულობა, დესტაბილიზაცია. მათ არ მოსწონთ ის წარმატებები და ის კეთილდღეობა, რომელიც ქვეყანაში გვაქვს, არ მოსწონთ, რომ ქვეყანაში შევინარჩუნეთ მშვიდობა და სტაბილურობა. მათი სურვილია ძალადობრივი გზით ხელისუფლების დამხობა და ქვეყანაში მეორე ფრონტის გახსნა. ეს იყო მათი თავდაპირველი მიზანი და დღეს რჩება სამწუხაროდ, ჯერ კიდევ მათ მიზნად. ამიტომ, ეს განცხადებები, რომელიც ჩვენ და სუს-მა გავავრცელეთ, ეს არის პრევენციული ხასიათის, გამაფრთხილებელი განცხადებები კონკრეტული მტკიცებულებების სახით.
ასე რომ, კიდევ ერთხელ მინდა, მოვუწოდო ყველას, რომ მაქსიმალური გონიერება გამოიჩინონ. ნუ მისცემენ უფლებას ასეთ დესტრუქციულ ძალებს, რომ გამოაყენებინონ თავი. კარგად გვახსოვს მარტის მოვლენები, როგორ გამოიყენეს სტუდენტები და შემდეგ როგორ მიატოვეს. რა თქმა უნდა, ასეც მოხდება. როგორ ასროლინეს „მოლოტოვის კოქტეილები“ პოლიციელებზე. ეს ყველაფერი არის მათი დაგეგმილი ბინძური ანტისახელმწიფოებრივი გეგმები. ჩვენ ამას შევეწინააღდმდეგებით და ამას არ დავუშვებთ. ყველა იქნება მაქსიმალური სიმკაცრით დასჯილი, ვინც ამ ანტისახელმწიფოებრივ გეგმებს მოიყვანს მოქმედებაში“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში გამართულ ბრიფინგზე დღეს განაცხადეს, რომ ორგანიზაცია „კანვასის“ წევრები სასტუმროში შეხვდნენ „ენჯეოებს“, სამოქალაქო აქტივისტებს, გაიმართა დიდი ჯგუფის გადამზადება, რომელმაც გადამწყვეტი როლი უნდა შეასრულოს ხელისუფლების დამხობის პროცესში. სუს-მა „კანვასის“ წარმომადგენლების მიმართ ჩატარებული ფარული საგამოძიებო მოქმედების შედეგად მოპოვებული მტკიცებულებების ნაწილი გამოაქვეყნა.