ირაკლი ღარიბაშვილი კავკასიის მოლაპარაკებების საკითხებში აშშ-ის მთავარ მრჩეველს შეხვდა
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი კავკასიის მოლაპარაკებების საკითხებში აშშ-ის მთავარ მრჩეველს, ლუის ბონოს შეხვდა.
პრემიერ-მინისტრის პრესსამსახურის ინფორმაციით, მთავრობის მეთაურმა ლუის ბონოს თანამდებობაზე დანიშვნა მიულოცა.
„შეხვედრაზე საუბარი შეეხო რეგიონში არსებულ ვითარებას. ამ მიმართულებით ხაზი გაესვა პრემიერ-მინისტრის მიერ ინიცირებულ სამხრეთ კავკასიის სამშვიდობო-სამეზობლო ინიციატივის მნიშვნელობას.
საუბარი შეეხო საქართველოსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის არსებული სტრატეგიული პარტნიორობის მნიშვნელობასა და სამომავლო თანამშრომლობის გაძლიერებას სხვადასხვა სფეროში“, – ნათქვამია პრემიერ-მინისტრის პრესსამსახურის ინფორმაციაში.
მათივე ცნობით, მთავრობის მეთაურმა ლუის ბონოს მადლობა გადაუხადა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი, ასევე კონფლიქტების მშვიდობიანი მოგვარებისა და არაღიარების პოლიტიკის მიმართულებით აშშ-ის მტკიცე მხარდაჭერისთვის.