erimedia_ravk/6w9-ui6Vg.jpeg

ირაკლი ღარიბაშვილმა შოვში, სტიქიის შედეგად დაღუპულთა ოჯახებს მიუსამძიმრა

ამბები
ირაკლი ღარიბაშვილმა შოვში, სტიქიის შედეგად დაღუპულთა ოჯახებს მიუსამძიმრა
ამბები

ირაკლი ღარიბაშვილმა შოვში, სტიქიის შედეგად დაღუპულთა ოჯახებს მიუსამძიმრა

erimedia_ravk/6w9-ui6Vg.jpeg
4 აგვ

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა შოვში, სტიქიის შედეგად დაღუპულთა ოჯახებს მიუსამძიმრა.

„მინდა, ჩემი ღრმა მწუხარება გამოვხატო, მივუსამძიმრო ჩვენი მოქალაქეების ოჯახებს, რომლებიც საუბედუროდ, ამ დიდი ტრაგედიის შედეგად დაიღუპნენ. კიდევ ერთხელ ვიზიარებ მათ მწუხარებას. ეს არის ძალიან მძიმე ტრაგედია და მთელი ერი გაერთიანებულია მის გარშემო“, – განაცხადა ღარიბაშვილმა.

მისივე თქმით, შოვში არსებულ მდგომარეობასთან დაკავშირებით დღეს ინფორმაცია მოისმინა ონის მუნიციპალიტეტის მერიაში არსებულ შოვის სტიქიის სალიკვიდაციო საგანგებო შტაბში.

„მოვისმინე ინფორმაცია ოპერატიულ შტაბში, რომელიც შექმნილია გუშინდელი დღიდან. დაუყოვნებლივ იქნა გამოგზავნილი 400-ზე მეტი მაშველი და დაიწყეს მუშაობა. 210 ჩვენი მოქალაქე უვნებლად გამოყვანილია სტიქიის ზონიდან. ღამე ჩვენს პოლიციას, სამაშველო სამსახურს მაქსიმალური მობილიზება ჰქონდა გაკეთებული ადგილზე. არცერთი ჩვენი მოქალაქე, რომელიც ჯერ კიდევ სტიქიის ზონაში რჩებოდა, არ იყო ყურადღების გარეშე დატოვებული. კიდევ ერთხელ მინდა, ჩვენს გმირ მაშველებს მადლობა გადავუხადო“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

მისივე თქმით, ასეთი კატაკლიზმები, ტრაგედიები, სტიქიები ხდება ყველა ქვეყანაში და ახლა ყოველგვარი საუბარი იმაზე, რომ ამის არიდება შეიძლებოდა, ძალიან არასერიოზულია.

„მინდა, ერთი რამ ყველას გთხოვოთ, ასეთ მძიმე წუთებში გთხოვთ, ყველანი გავერთიანდეთ, სოლიდარობა გამოვხატოთ და ვილოცოთ ამ ოჯახებისთვის“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

მეწყერი შოვში 3 აგვისტოს დაახლოებით 15:00 საათზე ჩამოწვა. დანგრეულია ხიდები, დაზიანებულია შოვში შესასვლელი გზა. მეწყერმა, პრაქტიკულად, ყველა ტურისტული ობიექტი გაანადგურა. ადამიანების გამოსაყვანად სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენებით ჩავიდნენ მაშველები და პოლიციის თანამშრომლები. უკვე შესრულებულია ცხრა საევაკუაციო რეისი.

კურორტ შოვში მეწყრის ჩამოწოლის გამო ჩარჩენილი ადამიანების ევაკუაციის პროცესი დილიდან განახლდა. ამ დროისთვის ვერტმფრენებით კიდევ 140 ადამიანი გამოიყვანეს, მათ შორის, ბავშვები. სტიქიის ზონიდან ჯამში სულ გამოყვანილია 210 ადამიანი.

სამაშველო სამუშაოები მთელი ღამის განმავლობაში გრძელდებოდა. ადგილზე სამაშველო ჯგუფებისა და სპეცტექნიკის მობილიზება ღამიდან მიმდინარეობს

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მობილური შტაბი სოფელ გლოლაში გაიხსნა. მოქმედებს „ცხელი ხაზი" - 598 913 089.

ხშირად ნანახი
Სარეკლამო
Სარეკლამო