ირაკლი ქადაგიშვილი - ოპოზიცია ისევ უარს ამბობს სამუშაო ფორმატებში ჩართვაზე, ევროპარლამენტმა და ევროკავშირმა ეს რეალობა უნდა დაინახოს - ევროპარლამენტარებმა კრიტიკა სწორედ მათი მიმართულებით უნდა განახორციელონ
21 ივლისი, 2022
ოპოზიცია ისევ უარს ამბობს სამუშაო ფორმატებში ჩართვაზე, ევროპარლამენტმა და ევროკავშირმა ეს რეალობა უნდა დაინახოს - სანამ იქნება სულ მცირედით მაინც წაქეზებული ასეთი ოპოზიცია, ის არასდროს არ დაამთავრებს პოლარიზაციას,- ამის შესახებ საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ქადაგიშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, ევროპარლამენტარების მოწოდება ორივე მხარეს ეხება და საქმეც სწორედ ამაშია, რადგან თუ ოპოზიციის მიმართ მკაფიო გზავნილი არ იქნება, „რადიკალურ ოპოზიციას ექნება განცდა, რომ დასავლეთი რევოლუციურ სცენარს მხარს უჭერს“.
„ისინი ორივე მხარეს მოუწოდებენ, ამ პარიტეტს იცავენ და საქმეც ამაშია. ოპოზიცია დაუმთავრებლად არყევს ამ სახელმწიფოს. სამუშაო ჯგუფები და კომიტეტები მუშაობს, წერილი გვაქვს მიწერილი, მობრძანდნენ და ჩაერთონ, ისევ უარია, ეს უარი არ დამთავრდება. ამიტომ ვამბობთ, რომ ევროპარლამენტმა და ევროკავშირმა ეს რეალობა უნდა დაინახოს, სანამ იქნება სულ მცირედით მაინც წაქეზებული ასეთი ოპოზიცია, ის არასდროს არ დაამთავრებს პოლარიზაციას. ევროპარლამენტარებმა კრიტიკა სწორედ მათი მიმართულებით უნდა განახორციელონ, მარტო კი არ უნდა მოუწოდონ, დაბეჯითებით უთხრან, რომ თქვენი გზა, რომელიც გულისხმობს "არა"-ს, არ იქნება აღქმული ევროკავშირის და ევროპარლამენტის მხრიდან კონსტრუქციულ გზად, სანამ ასეთი მკაფიო გზავნილი არ იქნება, რადიკალურ ოპოზიციას სულ ექნება განცდა, რომ დასავლეთი ამ რევოლუციურ მეთოდებს მხარს უჭერს,"- განაცხადა ქადაგიშვილმა.
ქადაგიშვილის თქმით, შეფასებების გაკეთება მათ შორის ევროპარლამენტარების მისამართით, საჭიროა.
"როცა მივიჩნევთ, რომ რეზოლუცია არ არის სამართლიანი, არ მივცეთ შეფასება? - უნდა მივცეთ, რადგან თუ ასე გაგრძელდა ეს დააზიანებს არა ამერიკის ელჩს ან ევროკავშირს, არამედ დააზიანებს საქართველოსა და აშშ- ს, საქართველოსა და ევროკავშირს შორის ურთიერთობებს მოქალაქეების თვალში, არ დაჭირდება ამას პუტინის პროპაგანდა,"- განაცხადა ქადაგიშვილმა.
რაც შეეხება "ქართული ოცნების" კრიტიკას ომში ჩართვის საკითხთან დაკავშირებით, ქადაგიშვილის თქმით, ალბათ, "კოლაჟი უნდა გაკეთდეს, როგორ ხდებოდა ხან პირდაპირ, ხან ირიბად, მათ შორის, საგარეო პოლიტიკური ფრონტიდანაც მოწოდება, რომ დროა, ახლა ჩამოვხადოთ რუსეთს ნიღაბი, ცხინვალში შევიდეთ". მისი თქმით, ასეთი მოწოდებები ბევრი იყო როგორც ქვეყნის შიგნით, ისე ქვეყნის გარედან.