ირაკლი ქადაგიშვილი პრეზიდენტის ვეტოს დაძლევის შესახებ აშშ-ს საელჩოს განცხადებაზე - რა შუაშია მოქალაქეებზე კონტროლის დამატებითი მექანიზმი?! - დალოცვილებო, წაიკითხეთ რა კანონები!
8 სექტემბერი, 2022

რა შუაშია მოქალაქეებზე კონტროლის დამატებითი მექანიზმი?! - დალოცვილებო, წაიკითხეთ რა კანონები! - ასე ეხმაურება პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ქადაგიშვილი ე.წ. ფარული მოსმენების კანონპროექტზე და პარლამენტის მიერ პრეზიდენტის ვეტოს დაძლევაზე აშშ-ს საელჩოს განცხადებას.
მისი თქმით, სულ მცირე კორექტული ფორმულირებაა საჭირო.
"კანონპროექტი სისხლის სამართლებრივი დევნის სიტუაციაში კანონიერი ფარული მოსმენების დარეგულირებას ეხება. რა შუაშია მოქალაქეებზე კონტროლის დამატებითი მექანიზმი? - საუბარია დამნაშავეზე, რომელზეც სისხლის სამართლის საქმეა აღძრული. უმაღლესი სტანდარტებით არის დარეგულირებული, თუ როგორ უნდა მოხდეს ფარული საგამოძიებო მოქმედებების განხორციელება კანონითაც, სასამართლოთი. ზოგადი განცხადებები აზიანებს ნორმალურ პროცესს. კანონპროექტით ფარულ მოსმენებზე საგამოძიებო ორგანოთა უფლებამოსილება არ იზრდება. როგორი უფლებამოსულებაც იყო, ზუსტად იგივე რჩება, მხოლოდ რეგულაციები იცვლება, ოღონდ რა კუთხით - იცვლება გამჟღავნების თარიღი, ფარული მიყურადების ხანგძლივობა. ასევე საკმაოდ მძიმე მუხლები ემატება: - ქურდული სამყარო, ტერორიზმი, ნარკოვაჭრობა, ძალადობა და ა.შ. რომელი მუხლია სუსტი? - არც ერთი.
ვეტოს დაძლევის წინ კომიტეტში მოსმენა იყო. ვინც ესწრებოდა, მათგან ერთი სამართლებრივი არგუმენტი მაინც მოისმინეთ, სადაც წერია, რომ ცვლილებები საერთაშორისო სტანდარტს არღვევს ან ადამიანის უფლებებს აუარეზებს?! ხომ შეიძლება, ზოგადი პოლიტიკური განცხადების უკან ერთი სამართლებრივი არგუმენტი მაინც იყოს მოყვანილი?! - არის ანგარიჟირებული პოლიტიკური შეტევის მცდელობა. სირცხვილია, რომ კანონს ვეტო ეხება და მოტივირებულ ვეტოს ერთი მოტივირებული შენიშვნა არ ახლავს", - განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.
ცნობისთვის, ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო საქართველოში ე.წ. მოსმენების კანონთან დაკავშირებით პრეზიდენტის ვეტოს დაძლევასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.
როგორც საელჩო აღნიშნავს, აღნიშნული კანონი საქართველოს ევროპულ ინტეგრაციას აშორებს და უზრდის მთავრობას შესაძლებლობას, გააკონტროლოს თავისი მოქალაქეები.
