ირაკლი კობახიძე - ჩვენთვის პრინციპულად მნიშვნელოვანია, რომ არ მოხდეს ბელარუსის სახელმწიფოსა და ხელისუფლების მიერ აფხაზეთის ე.წ. დამოუკიდებლობის აღიარება

"ჩვენთვის პრინციპულად მნიშვნელოვანია, რომ არ მოხდეს ბელარუსის სახელმწიფოსა და ხელისუფლების მიერ აფხაზეთის ე.წ. დამოუკიდებლობის აღიარება და თითოეული ჩვენი ნაბიჯი აქეთკენ იქნება მიმართული", - ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ გადაცემა „ქრონიკაში“ განაცხადა.
„ვფიქრობ, რომ ყველა აუცილებელი ნაბიჯი გადაიდგა: ეს იყო განცხადებები უმაღლეს დონეზე, ეს იყო ელჩის დაბარება, ეს იყო მკაცრი დიპლომატიური პასუხი იმ ე.წ. ვიზიტზე, რომელიც განხორციელდა.
რასაც ოპოზიცია გვთავაზობს, არის მიმართული სწორედ იქითკენ, რომ ბელარუსმა აღიაროს აფხაზეთის ე.წ. დამოუკიდებლობა და რა თქმა უნდა, ამას არცერთ შემთხვევაში არ გავყვებით“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
შეგახსენებთ, რომ ალექსანდრე ლუკაშენკო ოკუპირებულ აფხაზეთში ჩავიდა, სადაც ბიჭვინთაში, ე.წ. პრეზიდენტს, ასლან ბჟანიას შეხვდა. პროტესტის ნიშნად, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში ბელარუსის ელჩი, ანატოლი ლისი დაიბარეს.