ირაკლი კობახიძე - Credit Suisse აზიანებს საკუთარ თავს უხეში, მძიმე ფორმით და ასევე, აზიანებს შვეიცარიის საბანკო სისტემას - რატომ შეიძლება უღირდეთ მათ ამის გაკეთება, ჩვენ არ ვიცით და აქ ეჭვები ბუნებრივად შეიძლება გაჩნდეს
19 ივლისი, 2022
Credit Suisse თვითონ აზიანებს საკუთარ თავს ძალიან უხეში და მძიმე ფორმით და ასევე, აზიანებს შვეიცარიის საბანკო სისტემას, რაც ბუნებრივია ნიშნავს შვეიცარიის სახელმწიფოსთვის სერიოზული ზიანის მიყენებას, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ განაცხადა. მისი თქმით, შესაძლებელია ამ ვითარებაში მათ მიმართ და ბიძინა ივანიშვილის მიმართ გარკვეული ინტერესი იყოს. „ზოგადად ძალიან ბევრი უცნაური მოვლენა ვითარდება ჩვენს გარშემო და ესეც უცნაურია. Credit Suisse-ს ბუნებრივია, არაფერში არ უნდა აწყობდეს ის, რასაც აკეთებს, ის თვითონ აზიანებს საკუთარ თავს ძალიან უხეში და მძიმე ფორმით და ასევე, აზიანებს შვეიცარიის საბანკო სისტემას, რაც ბუნებრივია ნიშნავს შვეიცარიის სახელმწიფოსთვის სერიოზული ზიანის მიყენებას. რატომ შეიძლება უღირდეთ მათ ამის გაკეთება, ეს ჩვენ არ ვიცით და აქ ეჭვები ბუნებრივად შეიძლება გაჩნდეს, თუმცა ამ ეჭვებში მე ვერ შევალ. გარდა ამისა, რა ვითარებაც არის, რა მოვლენებიც ვითარდება რისი მცდელობაც ჰქონდა რადიკალურ ოპოზიციას, რა ჩაიდო და რატომ ჩაიდო ევროპარლამენტის რეზოლუციაში ამაზე რა თქმა, უნდა გვაქვს ჩვენ კითხვები, შეიძლება რაღაც ინტერესი იყოს კონკრეტული ჩვენს მიმართ, ბიძინა ივანიშვილის მიმართ და ამ თემაში შეგნებულად ჩვენ უფრო ღრმად არ შევალთ.
როდესაც ყალბი ბრალდებები ისმის სახელმწიფოს მიმართ, კონკრეტული ადამიანის მიმართ და როდესაც ამაზე არგუმენტირებული კითხვები ისმება, რა თქმა უნდა ამ კითხვებს სჭირდება პასუხის გაცემა. თუმცა ჩვენ ვხედავთ, რომ დღემდე მკაფიო პასუხები არ გვაქვს“, - განაცხადა კობახიძემ.