ირაკლი კობახიძე - მადლობა ღმერთს, დღეს ჩვენს ქვეყანაში მშვიდი ვითარებაა. ამის ერთ-ერთი მიზეზია ის, რომ რადიკალური ოპოზიცია დასუსტებულია
21 სექტემბერი, 2022

ეს ადამიანები წარსულში არიან ჩარჩენილები. მიშელის შეთანხმება არის ჩვენი წარსული. შესაბამისად, ამ შეთავაზების წარმოდგენა მათი მხრიდან არის იმის დემონსტრირება, რომ სამომავლოდ საზოგადოებისთვის არაფრის შეთავაზება არ შეუძლიათ, - ასე შეაფასა ირაკლი კობახიძემ ოპოზიციის ნაწილის შეთავაზება შარლ მიშელის შეთანხმებასთან დაბრუნების შესახებ.
ტელეკომპანია "იმედის" ეთერში, გადაცემაში „იმედი LIVE“ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ განაცხადა, რომ ამ ინიციატივის ავტორების რეალური მიზანი 12 რეკომენდაციის შესრულების პროცესის საბოტაჟის მცდელობაა.
„თუ რაიმე ინიციატივა ექნებათ, შეუძლიათ ეს ინიციატივები ჩვენ მიერ სამუშაო ჯგუფებში შემუშავებული კანონპროექტების განხილვის დროს წარმოადგინონ. ჩვენ რეგლამენტის შესაბამისად თითოეულ ინიციატივას განვიხილავთ. მაგრამ, რა თქმა უნდა, მათი დოკუმენტები ჩვენი მხრიდან სერიოზული განხილვის საგანი ვერ იქნება“, - განაცხადა კობახიძემ.
მან კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ სამუშაო ჯგუფებთან პარალელურ რეჟიმში შემუშავებული კანონპროექტები საბოტაჟის მცდელობის ნაწილია და განმარტა რა იგულისხმება საბოტაჟის მცდელობაში.
„ყველაფერს გააკეთებდნენ, უბრალოდ პარლამენტის დატოვების რესურსი არ აქვთ. მათ შორის იმის გამო, რომ შიგნით არიან დეპუტატები, რომლებსაც არ სურთ ხელფასების დატოვება. შესაბამისად, გაიყოფა მათი პარტიები. თუმცა არიან კონკრეტული დეპუტატები, ვისაც დღესაც სურს პარლამენტის დატოვება, უბრალოდ ამას ვერ ახერხებენ, იმიტომ, რომ პარტიები გაეყოფათ. გვარების დონეზე ვიცით, ვის უნდა და ვის არ უნდა პარლამენტის დატოვება. შესაბამისად, ისინი ყველანაირ საბოტაჟზე წავიდოდნენ, უბრალოდ ამის რესურსი არ აქვთ. საერთოდ არაფრის რესურსი არ აქვთ - არც საბოტაჟის, არც ქუჩის. მადლობა ღმერთს, დღეს ჩვენს ქვეყანაში მშვიდი ვითარებაა. ამის ერთ-ერთი მიზეზი არის ის, რომ რადიკალური ოპოზიცია არის დასუსტებული“, - განაცხადა კობახიძემ.