ირაკლი კობახიძე აფხაზეთში ლუკაშენკოს „ვიზიტზე“ - ეს არის სამწუხარო და მძიმე ნაბიჯი
29 სექტემბერი, 2022
ჩვენი მხრიდან ე.წ. ვიზიტი შეფასდა, როგორც ძალიან არამეგობრული და არასწორი ნაბიჯი. ამასთან დაკავშირებით ჩვენი პოზიცია ცალსახაა. ასევე დაირღვა კანონი ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ. ეს არის სამწუხარო და მძიმე ნაბიჯი, რომელიც ჩვენ ვიხილეთ - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ "TV პალიტრანიუსის" გადაცემაში „თავისუფალი სტუდია“, ბელარუსის პრეზიდენტის აფხაზეთში „ვიზიტთან“ დაკავშირებით განაცხადა.
მისივე თქმით, ვიზიტთან დაკავშირებით საქართველოს ხელისუფლების მხრიდან შეფასებები უმაღლეს დონეზე გაკეთდა.
„მთავარი ჩვენთვის აქ არის ის, რომ არ გადაიკვეთოს უკიდურესი წითელი ხაზი და ეს დაკავშირებულია არაღიარების პოლიტიკასთან. ბელარუსის სახელმწიფო დღემდე არ აღიარებს აფხაზეთს ე.წ დამოუკიდებლობას და ჩვენთვის პრინციპულად მნიშვნელოვანია ამ პოზიციის შენარჩუნება. თითოეული ჩვენი ნაბიჯი ამის მიხედვითაც უნდა გადაიდგას, როდესაც საუბარია თუნდაც რეაქციაზე“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
როგორც მან აღნიშნა, დღეს ლუკაშენკოს ოფიციალურ ვებგვერდზე მისი ე.წ. ვიზიტის ამსახველი ინფორმაცია საკმაოდ საინტერესო სათაურით გამოქვეყნდა: ეწერა, რომ ლუკაშენკო შავი ზღვის ჩრდილო-აღმოსავლეთ სანაპიროზე იყო ჩასული.
„თავიდან იყო საუბარი აფხაზეთში ვიზიტზე, რაც, თუ არ ვცდები, მისი მხრიდან იყო ნათქვამი, ამის შემდეგ, ამ ე.წ. ვიზიტის სათაური შერბილებულია და საუბარია იმაზე, რომ ის ჩავიდა არა აფხაზეთში, არამედ, შავი ზღვის სანაპიროს ისტორიული ადგილები მოინახულა. ეს ჟესტი თავისთავად რაღაცის მანიშნებელია - ანუ იმის, რომ ჩვენ შეგვიძლია დავიტოვოთ იმედი არაღიარების პოლიტიკის შენარჩუნებასთან დაკავშირებით. ამ კუთხით ჩვენი მხრიდან ყველაფერი უნდა გაკეთდეს“ - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.