ირაკლი კობახიძე: რევოლუციურ სცენარებზე საუბრობენ, მაგრამ ხელისუფლება თავის ადგილზე დგას და ყველაფერი გაკეთდება, რომ ქვეყანაში შევინარჩუნოთ მშვიდობა და ორნიშნა ეკონომიკური ზრდა
23 აგვისტო, 2022
ერთადერთი, რაზეც რადიკალურ ოპოზიციას თვალი უჭირავს არის, რომ როგორმე ქვეყანაში არეულობა მოაწყოს, - ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს პარტიის ოფისში განუცხადა.
„რევოლუციურ სცენარებზე საუბრობენ, გახსოვთ ზურაბ ჯაფარიძის, პეტრე ცისკარიშვილის განცხადებები. ერთადერთი, რაზეც თვალი უჭირავთ ეს არის, რომ როგორმე ქვეყანაში არეულობა მოაწყონ და მასაც ერთი მიზანი აქვს - ქვეყანა ჩართონ იმ ომში, რომელიც დღეს სამწუხაროდ უკრაინაში წარიმართება. ამის არავითარი რესურსი არ არსებობს, ხელისუფლება დგას თავის ადგილზე და ყველაფერი გაკეთდება, რომ ქვეყანაში შევინარჩუნოთ მშვიდობა, ორნიშნა ეკონომიკური ზრდა“, - აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.
„გირჩი-მეტი თავისუფლების“ ლიდერმა ზურაბ ჯაფარიძემ, ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში განაცხადა, რომ მასობრივი პროტესტის შემთხვევაში ბევრი ნაბიჯის გადადგმა შეიძლება, მათ შორის შენობების აღება.