ირაკლი შოთაძე ამერიკის შეერთებული შტატების გენერალური პროკურორის მეორე მოადგილეს და საერთაშორისო ურთიერთობების მდივანს ბრიუს შვარცს შეხვდა
25 სექტემბერი, 2022
საქართველოს გენერალური პროკურორი ირაკლი შოთაძე ამერიკის შეერთებული შტატების გენერალური პროკურორის მეორე მოადგილეს და საერთაშორისო ურთიერთობების მდივანს ბრიუს შვარცს შეხვდა.
საქართველოს გენერალური პროკურატურის ინფორმაციით, გენერალურ პროკურატურაში გამართულ შეხვედრაზე, მხარეებმა სისხლის სამართლის სფეროში ორმხრივი თანამშრომლობის საკითხები განიხილეს და ხაზი გაუსვეს იმ პოზიტიურ დინამიკას, რომელიც ორი სახელმწიფოს შესაბამის უწყებებს შორის დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის სფეროში არსებობს.
ირაკლი შოთაძემ მადლობა გადაუხადა ამერიკელ კოლეგას საქართველოს პროკურატურის რეფორმირებისა და განვითარების პროცესში ამერიკის შეერთებული შტატების შესაბამისი უწყებების მიერ შეტანილი წვლილისთვის და დღემდე გაწეული დახმარებისთვის.
შეხვედრის დასასრულს, მხარეებმა სამომავლო თანამშრომლობის კიდევ უფრო გაღრმავების თაობაზე მზაობა გამოთქვეს.
ამერიკის შეერთებული შტატების გენერალური პროკურორის მეორე მოადგილე და საერთაშორისო ურთიერთობების მდივანი ბრიუს შვარცი საქართველოში, პროკურორთა საერთაშორისო ასოციაციის (IAP) 27-ე წლიური კონფერენციის ფარგლებში, გენერალური პროკურორის ირაკლი შოთაძის სპეციალური მოწვევით იმყოფება.
საქართველოს პროკურატურა პროკურორთა საერთაშორისო ასოციაციის (IAP) 27-ე წლიურ კონფერენციას და გენერალურ შეხვედრას თემაზე - „გლობალური მოვლენები, რომლებმაც შეცვალეს სისხლის სამართლის მართლმსაჯულების სისტემები“ მასპინძლობს.
თბილისში, 25-29 სექტემბერს დაგეგმილ პროკურორთა საერთაშორისო კონფერენციას 60 ქვეყნის 300 პროკურორი და გაეროს, ევროკავშირის, ევროპის საბჭოს, ამერიკის შეერთებული შტატების იუსტიციის დეპარტამენტის (DOJ), სისხლის სამართლის მართლმსაჯულების სფეროში მომუშავე შესაბამისი დანაყოფების წარმომადგენლები და აღნიშნულ სფეროში მომუშავე მაღალი დონის ექსპერტები დაესწრებიან.
პროკურორთა საერთაშორისო ასოციაცია (IAP) გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ვენის წარმომადგენლობაში 1995 წელს დაარსდა და ერთადერთი ორგანიზაციაა, რომელიც მსოფლიოს სხვადასხვა სახელმწიფოების პროკურატურებს და ინდივიდუალურ პროკურორებს აერთიანებს. საერთაშორისო ასოციაციაში გაწევრიანებულია მსოფლიოს 180 ქვეყნის 183-ზე მეტი უწყება, ასევე ინდივიდუალური წევრი პროკურორები.