ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი - ირანი მხარს არ უჭერს უკრაინის ომის არცერთ მხარეს და არასწორად მიაჩნია იარაღის გაგზავნა როგორც უკრაინაში, ასევე რუსეთში
27 სექტემბერი, 2022
ირანის საგარეო საქმეთა მინისტრის, ჰოსეინ ამირ-აბდოლაჰიანის მტკიცებით, თეირანი მხარს არ უჭერს უკრაინაში მიმდინარე ომის არცერთ მხარს და არასწორად მიიჩნევს იარაღის გაგზავნას კიევსა ან მოსკოვში.
„რუსეთთან გვაქვს შეთანხმება თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის შესახებ, მაგრამ ჩვენ არ ვუჭერთ მხარს უკრაინის ომის არცერთ მხარეს. კატეგორიულად ვეწინააღმდეგებით ნებისმიერ ომს, იქნება ეს უკრაინაში, იემენში თუ პალესტინაში და ჩვენ ასევე ჩართული ვართ უკრაინაში მშვიდობისა და ცეცხლის შეწყვეტის მცდელობებში. არასწორად მიგვაჩნია რომელიმე მხარისთვის იარაღის გაგზავნა, იქნება ეს უკრაინასა თუ რუსეთში“, - აღნიშნა ირანის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა, რითაც მან უპასუხა შეკითხვას, ყიდულობს თუ არა რუსეთი ირანისგან დრონებს უკრაინაში გამოსაყენებლად.
ჰოსეინ ამირ-აბდოლაჰიანის მტკიცებით, ირანი აპირებს, გააგრძელოს პოლიტიკური დიალოგის ხელშეწყობა და არსებული კრიზისის პოლიტიკური მოლაპარაკებების გზით დასრულება.