ირანის შინაგან საქმეთა მინისტრის განცხადებით, სამაშველო ჯგუფები ამ დრომდე ეძებენ ვერტმფრენს, რომელშიც ირანის პრეზიდენტი იმყოფებოდა
გავრცელებული ინფორმაციით, სამაშველო ჯგუფები ამ დრომდე ადგენენ ვერტმფრენის ადგილმდებარეობას, რომელშიც ირანის პრეზიდენტი იმყოფებოდა. ინფორმაციას ადასტურებს ირანის შინაგან საქმეთა მინისტრიც.
აჰმად ვადიჰის განცხადებით, უამინდობის გამო, სამაშველო ჯგუფების ადგილზე მისვლას გარკვეული დრო სჭირდება.
„სიტუაცია კონტროლს ექვემდებარება და სამაშველო ჯგუფები თავიანთ საქმეს ასრულებენ. ვიმედოვნებთ, რომ ეს რაც შეიძლება მალე მოხდება“, – განაცხადა ვადიჰმა მედიასთან საუბრისას.
შეგახსენებთ, მედიამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ ირანის პრეზიდენტის ვერტმფრენი, რომლითაც იბრაჰიმ რაისი აზერბაიჯანის საზღვართან მდებარე ირანის პროვინციიდან თეირანში ბრუნდებოდა, ირანის პროვინცია აღმოსავლეთ აზერბაიჯანში ჩამოვარდა. ამასთან, მოგვიანებით ირანის შინაგან საქმეთა მინისტრმა განაცხადა, რომ ირანის პროვინცია აღმოსავლეთ აზერბაიჯანში პრეზიდენტ იბრაჰიმ რაისის ვერტმფრენი „მძიმედ დაეშვა“.