erimedia_ravk/MzciFLSVg.jpeg

"ის საფეხბურთო მინდვრების ვან გოგია" - კვარაცხელიამ ნეაპოლში მორიგი შოუ დადგა

ამბები
"ის საფეხბურთო მინდვრების ვან გოგია" - კვარაცხელიამ ნეაპოლში მორიგი შოუ დადგა
ამბები

"ის საფეხბურთო მინდვრების ვან გოგია" - კვარაცხელიამ ნეაპოლში მორიგი შოუ დადგა

erimedia_ravk/MzciFLSVg.jpeg
17 ოქტ

"ქართველი ფეხბურთელი ფენომენალურია, ის საფეხბურთო მინდვრების ვან გოგია", - ასე გამოეხმაურა იტალიური გამოცემა ilnapolista "ნაპოლის" ქართველი შემტევის ხვიჩა კვარაცხელიას მორიგ წარმატებულ თამაშს.

აღსანიშნავია, რომ იტალიის სერია A-ს მე-10 ტურში "ნაპოლიმ" საკუთარ მოედანზე "ბოლონიას" უმასპინძლა და მეტოქე ძალიან დაძაბულ შეხვედრაში დაამარცხა (3:2), კვარაცხელიამ კი მორიგი საგოლე გადაცემა ჩაიწერა აქტივში.

იმის ფონზე, რომ ლუჩანო სპალეტის გუნდმა ჩემპიონთა ლიგის 1/8-ფინალური ეტაპის საგზური საწყის 4 ტურში გაინაღდა "ნაპოლი" მთელი ძალებით შიდა ჩემპიონატზე გადაერთო. შესაბამისად, სპალეტიმ გუნდის ქართველი ლიდერი მოედანზე პირველივე წუთებიდან შეუშვა და სრული მატჩი ათამაშა.

უნდა ითქვას, რომ შეხვედრაში პირველი გოლი სტუმრებმა გაიტანეს, რასაც ნეაპოლელთა მხრიდან პასუხი მალევე მოჰყვა და აღნიშნულ გოლში პატარა წვლილი კვარაცხელიასაც მიუძღვის. ქართველი ფეხბურთელის სახიფათო დარტყმას კუთხური მოჰყვა, რომელიც ჟელინსკიმ ჩააწოდა, ჟუან ჟეზუსმა მეტოქის საჯარიმოში კარგად ითამაშა და ანგარიშში სხვაობა გაქვითა. შედეგად, პირველი ტაიმი ფრედ, 1:1 დასრულდა.

შეხვედრის მეორე ნახევარი უკვე ნეაპოლელთა აქტიურობით დაიწყო - მატჩის 49-ე წუთზე კვარაცხელია ორ მეტოქეს გაცდა, საჯარიმოში შევიდა და კარგად დაარტყა, თუმცა მეტოქე გუნდის მეკარემ რთული ბურთი მოიგერია, დამატებაზე კი შეცვლაზე შემოსულმა ირვინ ლოსანომ შეაგდო და „ნაპოლი“ წინ გაიყვანა. „ნაპოლის“ უპირატესობა დიდხანს არ გაგრძელდა, 51-ე წუთზე მუსა ბაროუს უძლიერესი დარტყმული ბურთი მერეტს ხელებში გაუძვრა და ანგარიში შეხვედრაში მეორედ გათანაბრდა.

ჯერი უკვე კვარაცხელიაზეა - 69-ე წუთზე ქართველმა შემტევმა ვიქტორ ოსიმენი მეკარესთან ერთი-ერთზე დატოვა, ნიგერიელმა კი საკუთარი შანსი გამოიყენა და მასპინძლები წინ მეორედ გაიყვანა. ქართველმა გამორჩეულად კიდევ ერთხელ 79-ე წუთზე იმოქმედა, როცა ჟელინსკის ძალიან კარგი პასი გაუკეთა, თუმცა პოლონელი ნახევარმცველის დარტყმა ბოლონიას კარის ძელს მოხვდა.

ქართველი ფეხბურთელის შესახებ იტალიურ მედიაში კვლავაც დაწერეს:

“კვარაცხელია, კვარაცხელია და ისევ კვარაცხელია. ბოდიშს ვუხდით ლუჩანო სპალეტის, თუმცა, ნაპოლის წარმატების მთავარი საიდუმლო ისაა, რომ მას ასეთი ძლიერი ფეხბურთელი დიდი ხანია არ ჰყოლია. არ დავუბრუნდებით მარადონასა და კარეკას და შედარებისთვის თუნდაც კავანი და იგუანი ავიღოთ“, - წერს გამოცემა ilnapolista.

საბოლოოდ „ბოლონიასთან“ შეხვედრაში ქართველი ფეხბურთელის სტატისტიკა ასე გამოიყურება - კვარაცხელიამ ბოლონიას კარისკენ 4-ჯერ დაარტყა: 2-ჯერ ზუსტად, 2-ჯერ კი დაუბლოკეს. ერთ-ერთ დარტყმას კუთხური მოჰყვა, რომელიც მეტოქის კარში გატანილი გოლით დასრულდა. „ნაპოლის“ გოლი ხვიჩას კიდევ ერთ დარტყმას მოჰყვა, როდესაც მისი დარტყმულის შემდეგ დამატებაზე ლოსანომ გაიტანა. აღსანიშნავია, რომ ნეაპოლელთა 77-მა ნომერმა შეხვედრაში 6 პოტენციურად საგოლე პასი გააკეთა, მათგან მხოლოდ ერთი, ვიქტორ ოსიმენმა გამოიყენა, დანარჩენ შემთხვევებში კი პარტნიორებმა ვერ ივარგეს. ჯამში, ხვიჩას მატჩში 32 პასი დაუგროვდა, მათი 78% (25) კი ზუსტი იყო.

21-წლის შემტევმა მატჩში დრიბლინგი 9-ჯერ განახორციელა, აქედან 5 (56%) წარმატებული გახლდათ, რაც შეხვედრაში საუკეთესო შედეგი იყო. ასევე უნდა ითქვას ქართველი ფეხბურთელის დაცვით ფუნქციებზეც, კვარამ 1 წარმატებული ვარდნა განახორციელა და ერთხელაც ბურთი საკუთარი გუნდის საჯარიმოდან გამოიტანა.

ხვიჩა კვარაცხელიამ სერია A-ში ჩატარებულ მე-10 შეხვედრაში მესამე საგოლე პასი გააკეთა. ამას გარდა, ქართველს 5 გოლი აქვს გატანილი და საკუთარი გუნდისთვის 3 პენალტიც მოიპოვა. “ნაპოლიმ” 26 ქულა დააგროვა და იტალიის ჩემპიონატის სატურნირო ცხრილს კვლავ სათავეში ჩაუდგა.

ხშირად ნანახი
Სარეკლამო
Სარეკლამო