ისრაელ-საქართველოს მიმართულებით ახალი ავიარეისი დაინიშნა
26 ივლისი, 2022
ისრაელ-საქართველოს მიმართულებით ახალი ავიარეისი დაინიშნა.
აღნიშნულთან დაკავშირებით ინფორმაციას ისრაელის სახელმწიფოში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ლაშა ჟვანია ავრცელებს.
„გასულ კვირას შევძელით ისრაელ-საქართველოს შორის ყოველკვირეული ფრენების სიხშირის 35-დან 42 ფრენამდე გაზრდა.
ახლა დაგვემატა სრულიად ახალი – რამონი (ეილათი)-ბათუმის მიმართულება, რომელსაც ზაფხულის სეზონზე, კომპანია „აირკია“ შეასრულებს.
მადლობა ჩვენი ეკონომიკის სამინისტროს, ავიაციის სააგენტოს და ტურიზმის ადმინისტრაციის ფანტასტიკურ გუნდს, ასევე ისრაელელ კოლეგებს – საოცრად ეფექტური თანამშრომლობისთვის.
ორ ქვეყანას შორის ავიამიმოსვლის ზრდა ჩვენი ქვეყნის მიმართ დიდ ინტერესზე მიუთითებს, რაც პირველ რიგში, უსაფრთხო, კარგი, სასიამოვნო გარემოს არსებობიდან გამომდინარეობს.
წარმატებები საქართველოს და ისრაელის ავიაკომპანიებს“, – წერს ლაშა ჟვანია სოციალურ ქსელში.